ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ოქრუაშვილი სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საკითხში დამნაშავედ სცნო.

ოქრუაშვილის განაჩენს გამოეხმაურნენ ოპოზიციური ძალების ლიდერებიც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ოპოზიციასა და პოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.

მისი თქმით, ოპოზიცია და ის საერთაშორისო პარტნიორები, რომლებმაც შეთანხმების შესრულებაზე თავისი რეპუტაცია დადეს, მის ჩაგდებას არ შეეგუებიან.

„ახლა ამათ ჰგონიათ, რომ რადგან პანდემია არის ეს ყველაფერი ისე ჩაივლის. არავითარ შემთხვევაში ისე არ ჩაივლის ეს არც ოპოზიციის მხირდან და არც საერთაშორის ორგანიზაციებისა და საელჩოების მხრიდან, რომლებმაც თავის რეპუტაციაზე იტვირთეს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავაც.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა პოლიტიკურ მარცხთან ერთად დიდი ფასს გადაიხდის.

„ის შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული შეიცავდა ორივე კომპონენტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას და ყველა პოლიტპატიმრის გამოშვებას. ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა დღემდე არიან ციხეში, ასე რომ შეთანხმება შესრულებული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს იქამდე ივანიშვილი და მისი გუნდი, ყველას გვესმის რომ საქართველოსი კი არა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია პანდემიაზე, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გაუმკლავდება, მაგრამ ივანიშვილს და მის გუნდს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს პირობები თუ არ იქნება შესრულებული, მაშინ არ იქნება ნორმალიზაცია. ივანიშვილი და მისი გარემოცვა დიდი ფასს გადაიხდის პოლიტიკურ მარცხთან ერთად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პოლიტიკა არ ერეოდა და არც არასდროს ჩაერევა მართლმსაჯულების საქმეში.

„დღეს მოხდა ის, რაც საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა. დღეს სასამართლომ დაუდასტურა ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა. ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი შეთანხმება, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს მართლმსაჯულების საქმეში და სწორედ, ამ შეთანხმების დაცვა ხდება ჩვენი მხრიდან, რადგან არც აქამდე, არც დღეს და არც ამის შემდეგ, პოლიტიკა არ ერეოდა და არ ჩაერევა მართლმსაჯულების საქმეში, ხოლო ის, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, უბრალოდ ამის სასამართლო წესით დადასტურება მოხდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული შეთანხმების შესრულება, რომელსაც გარანტად საერთაშორისო საზოგადოება ჩაუდგა, მოუწევს ხელისუფლებას.

„რაც არ უნდა გაწელონ ეს დრო, მოუწევთ ამ ვალდებულების შესრულება, პატიმრები უნდა გათავსიფულდნენ. იმიტომ, რომ ეს არის როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკური სპექტრის შეთანხმება, რომელსაც გარანტად უდგას საერთაშორისო საზოგადოება.

მთვარი არის ის, რომ კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნება“ საკუთარ სახეს როგორ ბინძურად იყენებს კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას, პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის ამორალური“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გიორგი ჩაფიძე