პრეზიდენტის ბრძანებისა და პარლამენტის მხარდაჭერით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახარნგრძლივდა

„გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატება შეინარჩუნონ.

„ყველა არსებული  გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ ორ-სამ კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების დიდ საფრთხეზე. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ.

შესაბამისად, კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის,  მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ, საკანონმდებლო ორგანოში გამართულ რიგგარეშე პლანერულ სხდომაზე მიიღეს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 97დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგ წავიდა.

„გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ვაპირებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შევამსუბუქოთ შეზღუდვები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელს შეუწყობენ, რომ ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს.

„მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა მიმართა პრეზიდენტს, რომ გახანგრძლივდეს ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება პოზიტიური და დადებითი დინამიკა, შევამსუბუქებთ შეზღუდვებს და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.