ახალი დაინფიცირებული პირები საქართველოში და კლასტერები რომელიც იზრდება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  539-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 5256 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 548 პირი რჩება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსისგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, Covid-19-ის ინფექციის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კოვიდ19-ის დიაგნოზი და მესამე კვირა მკურნალობდა კლინიკაში, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. კონკრეტულად, ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია. ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები და ორი დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსენებათ, ორმხრივი პნევმონია, პერსონალის საკმაოდ ახლოს შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან, ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა დაინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. დღეს წამოაყენეს კიდეც და დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან, 15 ე.წ. თეთრიწყაროს, 3 სვანეთის, ხოლო 4 ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს 4 ახალი პაციენტი დაემატა, საიდანაც 2 თეთრიწყაროს, ხოლო 2 ბოლნისის კლასტერიდანაა.

„22 დადასტურებული შემთხვევიდან უმეტესობა, 15 არის თეთრიწყაროს კლასტერიდან, 3 სვანეთიდან, ხოლო დანარჩენი ბოლნისიდან.

ქუთიაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, - აღნიშნულის შესახებ კლინიკის ექიმმა, ედიშერ ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი შუახნის მამაკაცია, რომელიც ე.წ წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა.

მისი თქმით, ინფიცირებული პირი მკაცრად იცავდა იზოლაციის წესებს და მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შეხება არ ჰქონია.

„აღნიშნული პირი მკაცრად იცავდა იზოლაციის წესებს და მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შეხება არ ჰქონია. ზოგადად, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 36 შემთხვევაა დაკავშირებული, რომელთაგანაც 5 უკვე განიკურნა და რეაბილიტაციას გადიან 2 კვირიან საკარანტინე სივრცეში. საკარანტინე სივრცეში გვყავს 1707 პირი, 4200-მდე უკვე დატოვა საკარანტინე სივრცე. ჯერჯერობით სიტუაცია სტაბილურია“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.