ოპოზიცია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას კვლავ აკრიტიკებს და მათ შეზღუდვების სწრაფი მოხსნისაკენ მოუწოდებს

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მასობრივი შიმშილის თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას შეზღუდვები.

გიორგი ვაშაძემ წარადგინა ოთხ პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს, რადგან მასობრივი შიმშილი ავირიდოთ თავიდან.

„პირველი ნაბიჯი, ეს არის საქართველოს შიდა ეკონომიკის გახსნა და ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაწესება. საჯაროდ უნდა დაწესდეს ეპიდუსაფრთხოების სტანდარტები ყველა სექტორისთვის და აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ეტაპი უნდა განხორციელდეს.

მეორე ეტაპი, მინიმუმ 100 ათასი ტესტირება უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში იმიტომ, რომ საქართველოში ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნდობა იყოს.

მესამე ნაბიჯი, არის ტურისტების წინასწარი ტესტირება, როცა ისინი ქვეყანაში შემოდიან.

მეოთხე ნაბიჯი, ეს არის მასობრივი საინფორმაციო კამპანია ამ თვალსაზრისით.

თუ ჩვენ გვინდა მასობრივი შიმშილი ავირიდოთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიხსნას შეზღუდვები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არასრულყოფილია, რომელიც ვერ აამუშავებს ეკონომიკას, რადგან არ ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას.

მისი თქმით, არსებული ანტიკრიზისული გეგმა წინასწარ, ყოველგვარი დახმარების გარეშე ტოვებს მინიმუმ 600 000 თვითდასაქმებულს.

„მთავრობის მიერ წამროდგენილ გეგმას აქვს ორი ძალიან დიდი ხარვეზი. პირველი, ეს არის მისი არასრულყოფილება, მაგალითად გეგმა წინასწარ ყოველგვარი დახმარების გარეშე ტოვებს მინიმუმ 600 000 თვითდასაქმებულს საქართველოში.

გეგმა საარსებო მინიმუმზე ნაკლებით ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც სამსახური ჰქონდა და ხელფასი დაკარგა. ანუ ესაა არასრულყოფილი დახმარების გეგმა, რომელიც ვერ აამუშავებს ეკონომიკას, რადგან არ ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციას შეზღუდვების მოხსნისაკენ მოუწოდებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, პარლამენტმა, რომელიც ნებაყოფლობით შვებულებაშია, მუშაობა დაუყონებლივ უნდა განაახლოს. 

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც არის ცარიელი და რომელსაც, დიდი ბოქლომი ადევს. დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პარლამენტი განსაკუთრებით დატვირთვით უნდა მუშაობდეს და იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით, ათასი ჩვენი მოქალაქისთვის მხარდაჭერის გეგმა. დღეს, ფაქტობრივად, პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაშია გასული. საგანგებო მდგომაროებამ ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა წარმოშვა, შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა, მათ შორის ისეთი, რომელიც პირდაპირ იცავს ადამიანის უფლებებს. ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა შექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის ელემენტარული არსებობის უფლება ჩამოერთვა ასობით ათას მოქალაქეს, რომლებიც დარჩნენ უმუშევარი და გამოკეტილი საქართველოს ქალაქებში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს მთავრობამ ჩვენი 600 ათასი მოქალაქე, რომლებსაც თვითდასაქმებულებს უწოდებენ, გაწირა შიმშილისათვის. ამიტომ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც დღემდე არ წარმოუდგენია მთავრობას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ დაიწყონ პარლამენტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, დაუყოვნებლივ დაიწყოს კომიტეტებმა მუშაობა, პარლამენტის სესიის პლენარულმა სხდომამ. დღეს ეს სავსებით შესაძლებელია იმ ნორმების დაცვით, რომელსაც ითვალისწინებს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის წესები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

გიორგი ჩაფიძე