კორონავირუსის ახალი აღმოჩენები, შვედეთი და საფრანგეთი უხანის ოფიციალურ განცხადებამდე დაფიქსირებულ ინფიცირების შემთხვევებზე იუწყებიან

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ფრანგი ექიმების განცხადებაზე მოახდინა რეაგირება.
ისინი ამტკიცებდნენ, რომ კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა საფრანგეთში გასულ წელს, ბევრად ადრე დაფიქსირა ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ გაუკვირდა ინფიცირების ადრეულ ფაქტებზე საფრანგეთის მოხსენება  - ამის შესახებ, „როუტერი“ იუწყება.

როგორც ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, შესაძლებელია, რომ ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევამდე ადრეულ პერიოდში კოვიდ-19-ის უფრო მეტი შემთხვევა ყოფილიყო.

„ასევე შესაძლებელია, რომ უფრო მეტი ადრეული შემთხვევების აღმოჩენა მოხდეს“, – განაცხადა კრისტიან ლინდმაიერმა.

საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიით დაავადებული პაციენტების ძველი ნიმუშების შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ მათ კოვიდ-19-ით ინფიცირებულ მამაკაცს ჯერ კიდევ 27 დეკემბერს უმკურნალეს, ანუ საფრანგეთის მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის ოფიციალურ დადასტურებამდე ერთი თვით ადრე. ამ შემთხვევამდე, პირველი დაინფიცირება 24 იანვრით იყო დათარიღებული, როდესაც ორი დაინფიცირებული უხანის პროვინციიდან შევიდა საფრანგეთში, მესამე ინფიცირებული კი მათი ოჯახის წევრი იყო.

„ეს გასაკვირი არ არის, რადგანაც ადრეული შემთხვევები დეკემბრის დასაწყისში იყო დაფიქსირებული, ასე რომ შესაძლებელია უხანის დაავადებული მაცხოვრებლები სხვა ქვეყნებშიც მოგზაურობდნენ“, - განაცხადა კრისტიან ლინდმაიერმა.

საეჭვო შემთხვევები, საფრანგეთის გარდა შვედეთშიც დაფიქსირდა, ერთ თვიანი სხვაობით.  

შვედეთში კორონავირუსი შესაძლოა, გასული წლის ნოემბერში გაჩნდა, – ამის შესახებ შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოში განაცხადეს.

შვედეთის სახელმწიფო ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის თქმით, მისთვის სიურპრიზი არ იქნება, თუ საფრანგეთის მსგავსად შვედეთს კორონავირუსის შემთხვევები უკვე ნოემბერში ჰქონდა.

შვედურ საინფორმაციო სააგენტო „TT“-ის ინტერვიუში, ანდერს ტეგნელმა განაცხადა, რომ უცნაური არ იქნებოდა შემთხვევების აღმოჩენა გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში უხანიდან შვედეთში ჩასული მგზავრებისგან.

შვედეთში, კოვიდ-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა. კორონავირუსი ჩინეთიდან დაბრუნებულ ქალს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს, შეამოწმონ 2019 წლის გვიანდელი პერიოდის სავარაუდო შემთხვევები.
მისი თქმით, ეს მსოფლიოს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით „ახალ და უფრო მკაფიო“ სურათს მისცემს.

„ეს სრულებით ახალ სურათს ქმნის. ეს აღმოჩენები საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ ვირუსის ცირკულაციის ხასიათი“, - განაცხადა ლინდმეიერმა.

ჩინეთის მთავრობამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას განუცხადა, რომ პროვინციაში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევა 31 დეკემბერს დაფიქსირდა.