რა ელის ქართულ ტურიზმს და როგორია მისი აღდგენის გეგმა

მოგეხსენებათ, საქართველოში და არა მარტო საქართველოში, პანდემიით დაზარალებული ქვეყნების უმეტესობაში ტურიზმი, ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშნელოვან და ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტ დარგს წარმოადგენდა.  

მაგალითად საქართველოში, ტურიზმის დარგი ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შეადგენს, რაც მისი სწრაფი გახსნის დიდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს. სწორედ ამ საკითხის გადაჭრის მიზნით შეიკრიბა დღეს, 7 მაისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სადაც ტურიზმის გახსნის ეტაპებზე, ამ სფეროს წარმომადგენლებისთვი გაწეულ შეღავათებზე და საქართველოს ეკონომიკაში მისი წვლილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„ტურიზმის არის ის სფერო, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდეემის შემდგომ, პოსტკრიზისულ ეკონიმიკაში, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი“, -  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე მიიღო და საკარანტინო ზონებად გადააქცია სასტუმროები, მოგვცა უდიდესი გამოცდილება და  როდესაც მსოფლიოში, ასე თუ ისე, კოვიდ-19-ის რისკი შედარებით იქნება გადალახული და ადამიანები დაიწყებენ საზღვრების გადალახვას, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს, როგორ მოემსახუროს.

 პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რა რეკომენდაციებიც გვექნება უახლოეს დღეებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით.

მისი თქმით, ამ გეგმას მთავრობა უახლოესი ათი დღის განმავლობაში წარმოადგენს.

„ჩვენი ანტიკრიზისული ქმედებების პირველი ნაბიჯი დაკავშირებულია ტურიზმთან, ტურიზმი არის ის დარგი, რომელმაც მიიღო ყველაზე მძიმე და პირველი დარტყმა კრიზისის გამო. როდესაც საჭირო იყო ცეცხლის ჩაქრობა, ჩვენ შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ სექტორს. ასეთი სექტორები ჩვენ უკვე გამოყოფილი გვაქვს, როგორც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი გახარიამ

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში.

„ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან ჩვენ 3-4 თვეა, ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად - პირველი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორე - ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა, წინსვლა და ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითოეულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რა რეკომენდაციებიც გვექნება უახლოეს დღეებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ძალიან მნინელოვან როლს თამაშობს ეკონომიკაში, ქვეყანაში არსებული კოვიდ-19-ისგან თავისუფალი ზონები, რომელთა რიცხვს  წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი სხვა კურორტი მიეკუთვნება, რაც რაღათქმაუნდა ლოგიკურია, რადგან ისინი ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, თუმცა სარისკო, რომლის თანახმადაც 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან - საქართველო იქნება მზად იმისთვის, მიიღოს უცხოელი ტურისტები.

 „ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი - პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და ჯანდაცვის სამინსიტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა 1 საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინსიტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გაკეთდება როგორც სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნით, ისე - უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისით საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან.

„ამას გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო დერეფნების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ჩვენთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამ მიზანს ჩვენ მივაღწევთ და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს და ინფრასტრუქტურას, რომ უცხო ქვეყნიდან სტუმრები მიიღოს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას ჭირდება გარკვეული სამუშაოები, ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში.

ამისთვის, ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, მთავრობამ, საერთოდ გუნდმა, შევიმუშავეთ გარკვეული ღონისძიებები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ პოსტკრიზისულ ეტაპზე, პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების ეტაპზე და არა კრიზისული მართვის, რაც უკვე გაკეთებული აქვს ტურიზმის  სექტორს და როგორც ვთქვი, ეს არის პირველი სექტორი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. დღეს ჩვენ გვექნება სრულფასოვანი პრეზენტაცია, სადაც იქნება საუბარი, როგორც ტურიზმის გახსნის ეტაპებზე და პირობებზე, ასევე ტურიზმის მხარდაჭერის თვალსაზრისით", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა   სექტორისა და დარგისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღებას.

„ტურიზმის სექტორი სრულად განთავისუფლდება  ქონების გადასახადისგან 2020 წლისთვის.  ეს დარგისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავდდება წლის ბოლომდე. იქ ვნახავთ, რომ აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია.  მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კრიზისის მართვის პირობებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით, გავაკეთეთ და რამდენიმე ათასმა ბიზნესოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა, დარგის განვითარებისთვის", -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ერთ-ერეთი მნიშვნელოვანი საკითხი საზღვარზე შემოსული საეჭვო ტურისტები არიან, რომელთა გასაკონტროლებლადაც ხელისუფლება 14 დღიანი საკარანტინე რეჟიმის შეცვლას ერთ საათიანი პროცედურით გეგმავს, ამ ეტაპისთვის პროცედურის შესახებ დეტალები უცნობია.

ამასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა განცხადება, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, აეროპორტებში მაქსიმალურად იქნება შექმნილი უსაფრთხო გარემო.

„არიან ავიაკომპანიები, რომლებმაც უკვე გაატარეს დამატებითი უსაფრთხოების ნორმები, რომელსაც თავად დანერგავენ და ხელს შეუწყობს უსაფრთხო მოგზაურობის განვითარებას. მეორეა ის, თუ რას ჩაატარებენ თვითონ ქვეყნები აეროპორტების ტერიტორიაზე. ჩვენი გეგმაა, რომ მოსამზადებელ პერიოდში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტები სრულად იყოს აღჭურვილი იმ საერთაშორისო სტანტარტები, რომლებიც დაწესებულია“, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.