პრეზიდენტმა უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებამდე ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა - როგორ აფასებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებას

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებამდე ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე წინასწარ გააფრთხილა.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, სავსებით ლოგიკურია, რომ პრეზიდენტმა ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები საქმის კურსში ჩააყენა.

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებაში ცალსახად ნათქვამი იყო, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

„პრეზიდენტის განცხადებაში იყო ცალსახად ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ის რეაქცია, რომელიც ამის შემდეგ ჰქონდა „ნაცკლასტერს“ და მათ მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს ეს განცხადება გაცილებით ადრე იყო შეთანხმებული. ამ დროს, თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე ჩააყენა საქმის კურსში კონკრეტული ინსტიტუტების პირველი პირები, რაც სავსებით ლოგიკური და ნორმალურია.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.

როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილება ივანიშვილმა ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლიდან გამომდინარე მიიღო.

„ქართული ოცნების“ სპიკერები უბრალოდ მატყუარები არიან და მათი ტყუილი არაერთხელ გვინახავს, თუნდაც განვლილი თვეების განმავლობაში. ახლა კი ზურაბიშვილმა, უბრალოდ დაადასტურა, რომ იმას, თუ რას იტყვის „ქართული ოცნების“ რომელიმე სპიკერი რომელიმე დღეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი. თავად ზურაბიშვილი მიუხედავად იმისა, რომ მან რა უნდა განაცხადოს, ძალიან კარგად ვიცით, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული იძულებით, იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რასაც ივანიშვილს უყენებს ქართული საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.  

 

გიორგი ჩაფიძე