ასეთი ნაბიჯები წინასაარჩევნოდ და ზოგადად, არასწორია - ოპოზიცია და არასამთავრობოები ტყის კოდექსში ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან

გარემოს დაცვის კომიტეტმა ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. კომიტეტზე ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით გავიდა.

ამ ტიპის ნაბიჯები წინასაარჩევნოდ და ზოგადად არასწორია,  - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია საპატრიარქოსთვის ტყის ფართობების გადაცემას.

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ყველაზე უფრო შავრაზმული განწყობების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ.

„ამ ტიპის ნაბიჯები, წინა საარჩევნოდ და ზოგადად, არასწორია დღეს, არასწორი იყო გუშინაც, იმ პოლიტიკური გუნდის დროსაც, როდესაც მე გახლდით ხელისუფლებაში. ვითარება კი არ გაუმჯობესდა, რომ ამ ტიპის ცდუნებას ხელისუფლებები აღარ აყოლოდნენ, პირიქით, გაუარესდა. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ივანიშვილის გუნდი ცდილობს, ყველაზე უფრო შავრაზმული განწყობების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ და სიძულვილის თესვაში ამ ტიპის ჯგუფების გამოყენებას, შემდეგ მათი მხარდაჭერის მოპოვებას ამ ტიპის ნაბიჯებით. ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩვენი ქვეყნის მიმავლისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თუმცა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, სიცრუეა, რომ თითქოს ხელისუფლება საპატრიარქოს ტყეებს საარჩევნოს გადასცემს.

მისი თქმით, აღნიშნულის მიზანი ტყის მოვლა და მომავალი თაობებისთვის შენახვაა.

ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკვე მესამედ ეხმიანება ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI]

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას. ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები“, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

პარლამენტმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 2019 წლის ოქტომბერში დაუჭირა; 2020 წლის 19 მარტს კანონპროექტს უკვე მეორე მოსმენით ეყარა კენჭი პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების მცდელობა პარლამენტს მიმდინარე წლის 16 აპრილსაც ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნა.