არაკონსტიტუციური და არადემოკრატიულია - ოპოზიცია მთავრობის ახალ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

პარლამენტი ახალ კანონპროექტს განიხილავს, რომლის თანახმადაც მთავრობას უფლებამოსილება ექნება, ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს. 

კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე უკვე მოხდა, ამიტომ კანონპროექტის განხილვა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება.

მისი ინიციატორი მმართველი გუნდია. კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებით, პარლამენტი კონსტიტუციას არღვევს.

დღეს, 21 მაისს საგანგებო სხდომის დაწყებამდე ოპოზიციონერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სწორედ ამის გასაჟღერებლად მოვიდა ის პლენარულ სესიაზე დასასწრებად:

„არ შეიძლება, პანდემიის გამოწვევას სახელმწიფო ებრძოლოს არაკონსტიტუციური გზებით. ის კანონი რომელიც დღეს შემოდის, არის პირდაპირწინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, ამიტომ მოვედით ჩვენ დღეს აქ, რადგან დღეს პარლამენტში საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იგეგმება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობას ადამიანის უფლებების შეზღუდვა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებშია შესაძლებელი.

მისი აზრით, მთავრობის ხელში იქნება რეპრესიების განუსაზღვრელი ინსტრუმენტი, თუ შეზღუდვებს საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესებენ.

„მთავრობას ხელში ვუგდებთ განუსაზღვრელ რეპრესიულ ინსტრუმენტებს, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს ძალიან ბოროტად. გარდა ამისა კანონპროექტის ერთი ნაწილი არის არაკონსტიტუციური. იზღუდება ადამიანის უფლებები და ძალიან  ბევრი შეზღუდვა, მათ შორის მაგალითად ეკონომიკური საქმიანობის, მათ შორის შრომის უფლების და ა.შ საქართველოს კონსტიტუციით შეიძლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის დამოუიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, მთავრობის კანონპროექტი, რომლის თანახმად ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც იქნება შესაძლებელი დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი არ არის.

მისი თქმით, ეს არის ადამიანების უფელბის ფეხქვეშ გათელვა, რაც ავტორიტარულ მმართველობას ახასიათებს.

„ჯანდაცვის ლოზუნგით და დროშის ქვეშ ადამიანების უფლებების ასე ფეხქვეშ გათელვა ახასიათებს ავტორიტარულ მმართველობას. ეს არ არის დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი კანონპროექტი. სახიფათოა ის, რაც წერია, რომ პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ შეიძლება გამოიყენოს მთავრობამ ასეთი შეზღუდვები. ემატება ცვლილებებში სავარაუდოდ ინფიცირებული პირი, ასეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანი, ვისზეც ჩათვლის კონკრეტული პირი, რომ მისი იზოლაცია სჭირდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, რის გამოც მას მხარს არ დაუჭერენ.

 

გიორგი ჩაფიძე