ოპოზიცა, ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას ეჭვქვეშ აყენებს და 27 მაისს ჩანიშნულ პრემიერის ანგარიშს ელოდება

დღეს, 21 მაისს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახამდაც საქართველოში კიდევ ერთი შეზღუდვა - ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებას 23 მაისიდან წყვეტს.

საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თითოეულ შეზღუდვაზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო, მთავრობის, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საბჭოს ექნება შესაძლებლობა, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

 „გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გაჟღერდა, უკავშირდება იმას, რომ  22 მაისის შემდგომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და შეზღუდვა მოიხსნება 23 მაისს. რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, როგორც აქამდე ყოველ კონკრეტულ შეზღუდვაზე მსჯელობდა საკოორდინაციო საბჭო მთავრობის, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ეს შეზღუდვები იქნება ეტაპობრივად მოხსნილი", - განაცხადა ჩიქოვანმა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დანარჩენი შეზღუდვებიც იხსნება, რაზეც უკმაყოფილება გამოთქვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მათი თქმით ყველაფერი ძალიან ნელა ხდება და ცოტაა, ისინი ხაზს უსვამენ ეკონომიკურ ზარალს, რომელიც მოსახლეობას მიადგა „ქართული ოცნების“ -გან განსხვავებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა პლენარულ სხდომაზე განაცხადებას აკეთებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით, ძალიან უსამართლოდ და შერჩევით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ბევრმა კომპანიამ ამ მძიმე სიტუაციით ისარგებლა და მხოლოდ ისედაც მოწყვლადმა მოსახლეობამ იზარალა.

„ე.წ ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ძალიან კარგად გამოხატავს მთლიანად იმას, თუ რაც არის თქვენი ე.წ ანტიკრიზისული გეგმა. ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, რაც ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, რაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, „ქართული ოცნების“ პრივილეგირებული კასტისგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ დატყობია აღნიშნული ეპიდემია. პირიქით, ძალიან ბევრმა კომპანიამ, რომელიც „ქართულ ოცნებასთანაა“ დაკავშირებული, ისარგებლა ამ მძიმე სიტუაციიდან და სარგებელი ნახა, ბიზნეს ინტერესების გაფართოების საშუალება ნახა, მაგრამ მათგან განსხვავებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს მაშინ, როდესაც გაჩერებულია ეკონომიკა, გაჩერებულია მთელი ქვეყანა, მაგრამ გაჩერებული არ არის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ბიზნეს ინტერესები და მათი კომპანიების საქმიანობა, გაჩერებული არ არიან ბიძინა ივანიშვილის ხეები და გაჩერებული არ არის ბიძინა ივანიშვილის ოქროს ექსპორტი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლების ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა დაგვიანებულია.

„ჩვენ, ოპოზიციამ შემოგთავაზეთ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი, რაც შეეძლო ხელისუფლებას, რომ გადაედგა. ვითხოვდით კომუნალურ ვაუჩერებს. ხელისუფლებამ ეს გააკეთა, მაგრამ აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ჩვენ ვითხოვდით საშემოსავლო გადასახადის განახევრებას, მაგრამ აქაც დღეს ვხედავთ, ბატონ გიორგის მიერ წარმოდგენილი კანონით, რომ ხელისუფლება მხოლოდ ექვსი თვით აკეთებს ამას და მხოლოდ გარკვეულ კატეგორიაზე, აქაც ძლაიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ჩვენ ვითხოვდით, რომ მოხდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება კიდევ სამი თვით, დღეს ვნახეთ გახარიამ დაანონსა, რომ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ პროცენტის ვალდებულების გადავადება, აქაც ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებით. ეს არის რეალურად ის პასუხი, რაც საქართველოს მოსახლეობამ მიიღო საქართველოს ხლეისუფლების მხრიდან იმ სახსრების საფუძველზე, რომელიც საქართველოს გამოუყო საერთაშორისო ინსტიტუციებმა და რომელიც უნდა განაწილდეს, არა პოლიტიკური პრეფერენციების, არამედ საჭიროების მიხედვით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ძალიან ცოტას, ძალიან დაგვიანებით, ძალიან უსამართლოდ და შერჩევით ისევე, როგორც მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ადამიანებს კილომეტრებით სიარული უწევდათ იმისთვის, რომ პური ეყიდათ, რადგან საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვები არსებობდა, მაგრამ ამ დროს რუსთაველზე, თქვენი ხელისუფლების სახე, ოთარ ფარცხალაძე, კრიმინალი, დაბურულშუშებიანი შავი ჯიპით უკანონოდ გადაადგილდებოდა. აი, ეს არის რეალურად ე.წ ანტიკრიზისული გეგმა და ეს არის რეალურად ის ნაწილი, რომელიც ბატონმა გიორგიმ აქ წარმოადგინა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ეჭვქვეშ აყენებს ხხელისუფლების სახსრების მიზანმიმართულ მოხმარებას ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი

მან განაცხადა, რომ საინტერესოა მოვისმინოთ პრემიერის ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც საკუთარ მოქალაქეებს პირდებოდა, საინტერესო გავიგოთ როგორ აპირებს პრემიერი საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას, როცა საერთაშორისო პარტნიორები შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ.

„ძალიან საინტერესო იქნება მოისმინონ ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს დასახმარებლად. გავიგოთ როგორ აპირებს ბატონი გახარია, მათ შორის საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლებელს გახდის სწორედ იმას, რომ ამ დახმარებებს გზა გაეხსნა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ოპოზიციის საპასუხოდ, 27 მაისს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით წარსდგება.