უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის სესხების სამი თვით გადავადებას,„ნაციონალური მოძრაობა“ არასრულს უწოდებს

ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური ან შემოსავალი შეუმცირდა, საბანკო სესხი კიდევ სამი თვით გადაუვადდება. აღნიშნულის შესახებ დღეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიდალიზაციის გარეშე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების საბანკო სესხებს, გუშინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება და ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტი 3 თვით გადაუვადდა, ეს სამი თვე უკვე გავიდა. გუშინ შეხვედრაზე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება - პირველი - ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება შედგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით ბანკს მიმართავს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, გიორგი გახარიას მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომ სამი თვით გადაუვადდეს საბანო სესხი ორი კატეგორიის ადამიანებს, არის არასრული.

მისი თქმით, ეს ორი კატეგორია არის ერთი ის, ვისაც უკვე ეხმარებიან და მეორე, ვინც სამსახური დაკარგა, რაც ძალიან დიდი ტყუილია.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ საბანკო კრედიტების გადახდევინებაზე მორატორიუმის დაწესება სექტემბრის თვემდე, ყველა ფიზიკურ, იურიდიულ პირს უნდა შეეხოს და ასევე იმათ, ვისაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აქვს აღებული.

„რამდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კატეგორიულად მოითხოვა ხალხის სახელით დაწესებული საბანკო კრედიტებზე გადახდევინების პერიოდის გახანგრძლივება კიდევ სამი თვით. დღეს გამოჩნდა ბატონი გახარია, გამოჩნდა ისაუბრა მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგეთ რა ისაუბრა. როგორც მას ახასიათებს ორ, სამ, ოთხ აზროვნად საუბარი. ახლა მთელი ქვეყანა თავს ვიტეხოთ რა თქვა ბატონმა გახარიამ. ეს არ არის შემთხვევით გაკეთებული მისი მხრიდან. ეს არის მისი ერთგვარი ტექნიკა, რომ რაღაცას დაპირდეს ხალხს ბატონი გახარია და ამის შემდეგ ვარკვიოთ რა თქვა. მან თქვა, რომ მე სამი თვით გადავუვადებ მოსახლების ორ კატეგორიას სესხს, ერთი ვისაც უკვე ვეხმარებით და ვინც სამსახური დაკარგაო. ძალიან დიდი ტყუილი, ვისაც ვეხმარებით როცა ამბობს ხელისუფლება, არც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში ერთი თეთრი დახმარება არ მიუღია და მეტიც მსოფლიოში საქართველოს ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, ვინც დღემდე არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა არავის.

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა რჩება უცვლელი - უნდა შეეხოს საბანკო კრედიტების გადახდევინებაზე მორატორიუმის დაწესება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სექტემბრის თვემდე, მათ შორის იმ მოქალაქეებსაც, რომლებმაც ვალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აიღეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.