საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა - პრემიერის განმარტება

საქართველოში კომენდატის საათი იმოქმედებს, დღეს, 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს 00:01 საათზე, ამასთანავე დღეს 00:00 საათზე უქმდება საგანგებო მდგომარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებას, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თითოეულ შეზღუდვაზე მსჯელობს საკოორდინაციო საბჭო, მთავრობის, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების მონაწილეობით და როგორც კი საბჭოს ექნება შესაძლებლობა, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განმარტა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია.

მისი თქმით, პანდემია არც საქართველოში დამარცხებულა და არც - მსოფლიოში.

პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ ყველასათვის კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში კი, გაუქმდება.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ქვეყანა მზად არის, გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად იმას, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი და ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები. ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთ ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში კი, გაუქმდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთანავე პრემიერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჯერ ვერ ამუშავდება.

გახარიას თქმით, მართალია ეს ყველაფერი მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანპოსრტი ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველია დაავადების გასავრცელებლად.

გახარიამ ასევე ღია ბაზრობების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელება. ღია ბაზრობებზე, სადაც ადამიანები უკვე სოციალური პროტესტს ფიქრობენ, იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ ის ნაწილი სადაც ქუჩიდან შესასვლელები არის ამ ბაზრობის გარკვეულ ობიექტებზე, შეიძლება ნელ-ნელა აღდგენა გავაკეთოთ. ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ადრე ექიმების რეკომენდაციებს მივყევით და მსხვილი ბლოკების გათიშვით მივაღწიეთ მობილობის დავარდნას და არ დავუშვით იმპორტირებული ინფექციის სწრაფი გავრცელება ქვეყანაში. შესაბამისად, შემდგომ, ამ ორ თვეში ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტური მუშაობის შედეგად სისტემა მოემზადა იმისთვის, რომ ნორმალურად მიეღო ემკურნალა და ნორმალურ ცხოვრებაში დაებრუნებინა ხალხი“, - განაცხადა გახარიამ.