რა შეზღუდვები იხსნება 23 მაისიდან საქართველოში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა იხსნება:

23 მაისიდან გაუქმებულია, საგანგებო მდგომარება, კომენდანტის საათი.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით.

გახარიამ აღნიშნა, რომ ამას მოჰყვება თავისთავად კომენდატის საათის გაუქმება. შეზღუდვების შემსუბუქება, მისი თქმით, არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია.

„საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა 28 იანვარს და ეს იყო ის პერიოდი, როცა საქართველოში ჯერ არც ერთი ინფიცირების შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული, ინფიცირების შემთხვევა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დაფიქსირდა. ორი თვის შემდგომ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და პანედემია დამარცხებულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, 23 მაისიდან დასაშვები ხდება მსუბუქი ავტომობილით 3 კაცზე მეტის გადაადგილება.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყანა მზადაა გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად, რომ გაუქმდება კომენდატის საათი და ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები.

ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნის შეზღუდვა გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა საავტომობილო საშუალებებზე გაუქმდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, 23 მაისიდან უქმდება კარანტინის რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდა გეტასა და მუშევანის სოფლებისა, სადაც კარანტინი კვლევ შენარჩუნდება.

აღნიშნული გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული. 

 

გიორგი ჩაფიძე