ოპოზიცია და საია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ოპოზიცია პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს.

მათი თქმით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია.

 „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს ნაკლები მოლოდინი აქვს, რომ ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მოქმედმა საკონსტიტუციო სასამართლო ს ეს ნორმა შეაჩეროს ან გააუქმოს.

„არ შეიძლება სრულად დელეგირება მთავრობისთვის ამ უფლებების, რომ ადამიანის უფლებათ შემზღუდველი სხვადასხვა წესი მთავრობამ დაადგინოს. ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თუმცა ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მოქმედმა საკონსტიტუციო სასამართლო ს ეს ნორმა შეაჩეროს ან გააუქმოს ნაკლებად მოსალოდნელია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

გარდა ამისა, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საია.

მათი განმარტებით, კანონში შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლებასთან მიმართებით და მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია.

„სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა არაერთი ორგანიზაციის, მათ შორის, საიას მოწოდება, არ შეეტანა ინიცირებული ცვლილებები ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში და დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა წარდგენილ კანონპროექტს. შესაბამისად, საიამ მიიღო გადაწყვეტილება, შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. სადავო ნორმების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს.

დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ დადგენილ სამინისტროს, საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება ეძლევა. თავის მხრივ, საკარანტინო ღონისძიებები მოიცავს მიმოსვლის თავისუფლების, საკუთრების უფლების, შრომის უფლების, მეწარმეობის უფლების ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, მის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით შეზღუდოს ზემოთ დასახელებული უფლებები“, - ნათქვამია  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უფლებაშემზღუდველი ნორმა საქართველოს კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური თვალსაზრისით.

„ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს [...] ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილების განხორციელებაზე უარს ამბობს .

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (მიმოსვლის თავისუფლება), „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის (შრომის თავისუფლება) შესაბამისად, „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. ამდენად, კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები.

როგორც საია მიიჩნევს, შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლებასთან მიმართებითაც“, - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი შეფასებით, მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია.

„ტექნიკურ რეგულაციად ვერ იქნება მიჩნეული შესული ცვლილებებით განსაზღვრული ისეთი აკრძალვა, როგორიცაა მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია. საკუთრების უფლებით ტოტალურ აკრძალვას, როგორიცაა სასტუმროებისა და ტანსაცმლის მაღაზიების დახურვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, სჭირდება პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მკაცრი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელში გადადის, რაც არღვევს საკუთრების უფლებას“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდა. კანონის თანახმად, მთავრობას შეუძლია შემზღუდავი ღონისძიების მიღება საგანგებო მდგომარეობის გარეშე. კანონს დროებითი სახე აქვს და ის 15 ივლისამდე იმოქმედებს.

 

გიორგი ჩაფიძე