ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდაა - ვარკეთილის სპეცოპერაცია დამნაშავის დაკავებით დასრულდა

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია.

45 წლამდე მამაკაცი, რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა და ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი, სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს.

სავარაუდოდ, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს შვილებთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც მათი დაშინების მიზნით იატაკზე რამდენჯერმე გაისროლა.

პოლიციამ დამნაშავის ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებთან ერთად მობილიზებული იყო სპეცტექნიკაც.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცი მოლაპარაკებების შედეგად, სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

მისი თქმით, ამ დროისთვის საფრთხე არავის ემუქრება და ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა.

„მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი, ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ. ამ დროისთვის მას უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რაც ვიზუალურადაც ეტყობოდა. ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას, რის შედეგადაც მან მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან. ამ ეტაპზე არავის საფრთხე არ ემუქრება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დეტალები დაზუსტდება და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

გიორგი ჩაფიძე