მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია - პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენებას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა

დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. პლენარულ სესიას, სადაც მინისტრი სიტყვით გამოდიოდა, ოპოზიცია არ დაესწრო.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კანაპაძემ განაცხადა, მისი პარტია საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებს მანამ, სანამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორი დადებული 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ევროპულ საქართველოს“ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეკითხვები არ გააჩნია.

„ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი, რომელიც სახელს იმკვიდრებს თავისი სიბნელით და თავისი არაკომპეტენტურობით. რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ძალიან კარგად ვიცით როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში. მათ შორის, ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა. კარგად ვიცით მისი ქონების და საათების შესახებ, ამიტომ ამ პირობებში, რაიმე კითხვის დასმას არ ვაპირებთ. ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება მანამ, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება. მას მერე, რაც შეთანხმება შესრულდება, ცვლილებები იქნება მიღებული და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, შემდეგ შეგვიძლია განვაახლოთ ჩვენი საქმიანობა პარლამენტში“, - განაცხადა კაპანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ივანიშვილის კორუმპირებულ ჩინოვნიკს უწოდებს და აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ:

"ღარიბაშვილთან ჩვენ არანაირი შეკითხვები არ გვაქვს, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ მის შესახებ ყველაფერი იცის რაც უნდა იცოდეს. ეს არის ივანიშვილის ერთ-ერთი კორუმპირებული ჩინოვნიკი.ჩვენ ვაგრძელებთ ბოიკოტის რეჟიმს," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.