ახმეტაში აბიტურიენტები ბანკეტის თანხით ეკლესიას ხატს შესწირავენ - ახმეტის ბავშვთა სახლი კი მძიმე მდგომარეობაშია

ახმეტის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 ბ კლასი ბანკეტისთვის შეგროვილი თანხით ტაძარს ხატს შესწირავს - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" აქვეყნებს.

მათ ბანკეტის გადახდა თელავის ერთ-ერთ რესტორანში ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა გამოსაშვებ საღამოზე უარი თქვეს.

ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ამ თანხით ხატმწერს ივერის ღვთისმშობლის სახელობის ხატი დააწერინონ და ქალაქ ახმეტაში მშენებარე წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილის და შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელობის ტაძარს შესწირონ.

როგორც კლასის დამრიგებელმა, ნინო ჭიღიტაშვილმა On.ge-სთან საუბრისას თქვა, ინიციატივა მას ეკუთვნის:

"ბავშვებისთვის ეს რჩევაც არ ყოფილა, მხოლოდ შევთავაზე და ძალიან მოეწონათ იდეა. მშობლების მხრიდანაც დიდი დაინტერესება იყო. მინდოდა რამე კარგი და დასამახსოვრებელი გამეკეთებინა".

დამრიგებელი დასძენს, რომ მისი კლასს წარსულშიც მიუღია მონაწილეობა საქველმოქმედო კამპანიებში. ის მოსწავლეების მიერ შეგროვებული თანხის ოდენობას "კონფიდენციალურს" უწოდებს:

"ვფიქრობ ეს ჟესტი უნდა იყოს მიმართული იქით, რომ თანხები რაც გროვდება და იხარჯება საბანკეტედ, ამგვარ საქმეებსაც მოხმარდეს".

აქვე აღსანიშნავია, რომ ახმეტაში არის ბავშვთა სახლი, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაშია. მიუსაფარ ბავშვებს, აკლიათ ტანსაცმელი და ნორმალური საკვები.