ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი.

„შინაგან საქმეთა სამინიტრო უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და თანადგომას უცხადებს მას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.

დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით არ იკვეთება.

მისი თქმით, ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის და იმ შემთხვევაში, თუ შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია იქნება მყისიერი.

„ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული არ არის. როგორც გითხარით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმეში შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი. „ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ-ჯერობით არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს, ექსპერტები მუშაობენ. ჯერ-ჯერობით დასკვნა ჩვენ არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ ექპერტიზის დასკვნას, რომელიც გასცემს კითხვებს პასუხს, თუ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი გუშინ, წყალში იპოვეს.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები

 

გიორგი ჩაფიძე