მმართველთა პარტია ნათელაშვილის განცხადებას უხეშ შეცდომას უწოდებს - თალაკვაძე ოპოზიციას აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს

შექმნილ ვითარებაში ყველაზე ეროვნული ნაბიჯი იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი მორალური უფლება, არჩევნებში კენჭი იყაროს. ნათელაშვილის თქმით, სენატორ ჯიმ რიშის მიერ დარეგისტრირებული საკანონმდებლო ცვლილების ფონზე, სწორი იქნება, ხელისუფლებამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.
„შექმნილ ვითარებაში, ყველაზე სწორი, ზნეობრივი, ეროვნული ნაბიჯი ხელისუფლებისაგან, თუ საერთოდ დარჩათ ასეთი რამ, იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან, რითაც შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალას თანასწორი პლატფორმა ბრძოლის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, მომავალი კოალიციური მთავრობისა და შავბნელი წარსულის ისტორიაში ჩაბარებისათვის“, – აცხადებს ნათელაშვილი.
მისი თქმით,ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში.
„მიმაჩნია, თუ ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, უფრო მალე მოხდება მათი სანქცირება და ხელისუფლებიდან მოცილება. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში, სასურველია, მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ ნახოს, ვისთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მთავრობა, ნათელაშვილის განცხადებას, ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში შეცდომაას უწოდებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
"ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 6 წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს - გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს  არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა.
მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. 
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 6 წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და გვაქვს სამოქმედო გეგმა.  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია!", - განაცხადა თალაკვაძემ.