ცვლილებები აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის დოკუმენტში - სენატი საქართველოს მთავრობას არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებისა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესწორებულ ვერსიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყანა აღებულ პირობებს დაიცავს.

დოკუმენტი სენატის საგარეო კომიტეტის თავჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის.

რიშის დოკუმენტში წერს 8 მარტის შეთანხმების შესახებ და გასულ წელს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მიმოიხილავს. იგი აღნიშნავს, რომ შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება.

დოკუმენტში აშშ-ის სენატი საქართველოს მთავრობასა და ასევე პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, რომ მოსამართლეების დანიშვნის წესი უფრო გამჭვირვალე გახადონ.

სენატი გამოდის რეკომენდაციით, რომ საქართველოს მთავრობას 2020 წლის ოქტომბერში არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას ხელი შეუწყოს.

სენატის ამ დოკუმენტს გამოხმაურება მოჰყვა მმართველი გუნდისა და ოპოზიციური სპექტრისგან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორების ინიცირება ასახვას ვერ ჰპოვებს.

მდინარაძის განცხადებით, ამისთვის სხვადასხვა მიზეზი არსებობს.

„დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება ვერ ჰპოვებს ასახვას შესაბამის გადაწყვეტილებაში. იმიტომ სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ ბოლო დროს, შეიძლება იყოს ცალკეულ შემთხვევებში არასწორი ინფორმაცია, ვიღაცის სტაფერის სუბიექტური დამოკიდებულება, რომელზეც ვნახეთ თავად კონგრესმენების განმარტებები, რომ იყო სტაფერის შედგენილი და შეიძლება, უბრალოდ, საკანონმდებლო პროცედურები არ იძლეოდეს საშუალებას, რომ სწრაფ დროში მსგავსი ინიცირება ასახული იყოს გადაწყვეტილებაში. ჩვენ უკვე ორშაბათს პროცესს დავასრულებთ, ყველა პირობა შევასრულეთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებულ ვერსიას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოცემულ შესწორებაზე პოლიტპატიმრების შესახებ საუბარი არაა.

მისი თქმით, დოკუმენტში ვკითხულობთ რურუას შესახებ ინფორმაციას, მაგრამ განსხვავებულ კონტექსტში.

„შესწორებებიც გულდასმით და ზუსტად რომ  წაიკითხოთ, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რაზეა საუბარი. საუბარია საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

უნდა აღინიშნოს, საუბარია გიორგი რურუაზეც და მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ. საუბარი არის, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ სხვადასხვა სამონიტორო მისიებისგან და სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებთან დაკავშირებით. იქ არ არის საუბარი პოლიტპატიმარზე და მე მინდა ეს ძალიან მკაფიოდ იყოს განმარტებული. ამიტომ იმის წარმოჩენა, რომ იქ რაღაც პირობითობაზეა საუბარი, ეს არის სიცრუე. ეს არის შესწორება და გავა თუ არა კიდევ სხვა საკითხია," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მმართველ გუნდს გაფრთხილებებით და მოწოდებებით აღარ ესაუბრებიან, მოქმედებაზე გადავიდნენ, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე კი ამბობს, რომ ამერიკელი სენატორები მმართველ გუნდს გაფრთხილებებით და მოწოდებებით აღარ ესაუბრებიან, რადგან უკვე მოქმედებაზე გადავიდნენ.

მისი თქმით, აქტში აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად გიორგი რურუა ისევ პატიმრობაშია.

„გაფრთხილებებით და მოწოდებებით აღარ ესაუბრებიან, გადავიდნენ მოქმედებაზე. ეს არის უკვე დამატება კანონში, სენატის აქტში, რომელიც ეხება საქართველო-ამერიკის თანამშრომლობას. პირდაპირ წერია აღნიშნულ აქტში, რომ გიორგი რურუა მიუხედავად 8 მარტის შეთანხმებისა, კვლავ რჩება პატიმრობაში. რაც შეეხება მოიხსენიეს თუ არა რურუა პატიმრად, წაიკითხონ საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, რიშის განცხადება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

გიორგი ჩაფიძე