პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა - რა განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციური სპექტრიდან

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგი იყო 3.

სხდომას არ დაესწრნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, შესაბამისად მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

კენჭისყრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიეღო.

„ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ცალსახად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც იქნა დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პროცესის შემდგომ. ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ არჩევნებს ჩვენ შევხვდებით ახალი საარჩევნო სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, პარლამენტში აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რათა ცვლილებები გასულიყო. მე ვაფასებ ამ ცვლილებებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურად დაბალანსებული, ნორმალური განვითარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ეს შედეგი დადგა.

აუცილებლად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას ამაში მონაწილეობა უნდა მიეღო. ჩემი აზრით, მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ ყოფილიყვნენ ყველა მოსმენაზე სხდომათა დარბაზში და ხმა მიეცათ. მათი არჩევანია, რომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა მთავარია, რომ ამან შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იძულებული იყო, ამ ცვლილებებს საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება არის სიგნალი 8 მარტის შეთანხმების ცალსახა დარღვევაზე.

„საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. „ქართული ოცნება“ ნამდვილად იძულებული იყო, ამ ცვლილებებს საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა, შემდეგ კი, ბოლომდე მიეყვანა ეს პროცესი. მეორე და მესამე მოსმენაზე „ქართული ოცნება“ კანონპროექტს უბრალოდ ვეღარ ჩააგდებდა, რადგან კანონმდებლობა განმეორებითი კენჭისყრის შესაძლებლობებს ითვალისწინებს და ამ პროცესის ჩაგდების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისა და რეალური სურვილების ლუსტრირებას მოახდენდა. ამიტომ, კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. თუმცა, 8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელი რჩება და შეუსრულებელია ამ პუნქტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ვსაუბრობ პოლიტპატიმრებზე, პოლიტიკურ ოპონენტებთან არა პოლიტიკური პროცესის წარმართვაზე, არამედ მათ საპატიმროში ჩაგდებაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა თუ ამ მეთოდებით ბრძოლაზე.

„ქართული ოცნების“ მხრიდან გიორგი რურუას არგათავისუფლება არის სიგნალი 8 მარტის შეთანხმების ცალსახა დარღვევაზე და არის სიგნალი, რომ ისინი ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო პროცესის არსებობას არ აპირებენ. სწორედ ამიტომ, იმ უკიდურესად რადიკალიზებულ საარჩევნო გარემოზე, თუ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც გვაქვს, სრულად პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ პოლიტიკური მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია.

„რისკები ნამდვილად იყო და მინდა გითხრათ, რომ სწორედ დამოუკიდებელი და უფრაქციო დეპუტატების დამსახურებაა ეს ყველაფერი, რომელიც ძალიან მკაფიოდ ადასტურებდა თავის მზაობას პირველ, მეორე, მესამე მომსმენაზეც. 24 იყო ასეთი დეპუტატი და ამით „ქართულ ოცნებას“ არ მიეცა საშუალება, რაიმე სახის პოლიტიკური ხრიკებისთვის მიემართა, ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ.

ამიტომ, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ სწორედ პოლიტიკური მრავალფეროვნება და არა მხოლოდ ორპოლუსიანობა არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებელი, ეს გამოაჩინა დღევანდელმა დღემ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

გიორგი ჩაფიძე