ისტორიული თუ ისტერიული საკონტიტუციო ცვლილებები - რა შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია

117 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს დაამტკიცა.

სხდომას, სადაც საკონტიტუციო ცვლილებების განხილვა და კენჭისყრა მიმდინარეობდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ, შესაბამისად მათ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა.

დღეს ისტორიული დღეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე ისტერიული აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა „მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედებას“.

„მე ვთქვი, რომ დღეს არის ისტორიული დღე. „ნაცმოძრაობისთვის“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსთვის“ დღევანდელი დღე აღმოჩნდა ისტერიული. ეს დამოწმდა მათ მიერ ორგანიზებული აქციით, რომელიც პარლამენტთან გაიმართა. ისინი ისტერიით შეხვდნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას და არა თუ გავიდნენ შეთანხმებიდან, არამედ წავიდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგი. ახლა დღეს რითი შეფუთავენ, რომელიმე კრიმინალის გათავისულების მოთხოვნით, თუ ასე შემდეგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ისინი გავიდნენ შეთანხმებიდან, არ შეასრულეს შეთანხმების პირობები. მათ აქცია დააორგანიზეს საქართველოს პარლამენტთან. რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო ძალიან ცუდი საქციელი და საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოქმედება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი-ვიცე სპიკერის განცხადებას, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველი გადაწვეტს, ვისთვის აღმოჩნდა საკონტიტუციო ცვლილებები ისტორიული და ვისთვის, ისტერიული.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, აღნიშნული ცვლილებები იძლევა შესაძლებლობას, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და არ იყოს ორ პოლიტიკურ პოლუსში ჩარჩენილი.

„ცვლილებების იმის შესაძლებლობას აჩენს, რომ მომავალი პარლამენტი იყოს უფრო მრავალპარტიული. დაბალი ბარიერის პირობებში არ იქნება ხელოვნური ჯგუფები. ეს ცვლილებები იმის შესაძლებლობას აჩენს, რომ აღარ იყოს პარლამენტი ორ პოლიტიკურ პოლუსში ჩარჩენილი და გაცილებით მეტი შანსი მისცეს პარტიებს. ჩემთვის ეს ცვლილებები არის შანსი, ამ ქვეყანაში არჩევნების გზით მოხდეს ცვლილება და მოიტანოს უკეთესი პოლიტიკური ვითარება, უკეთესი რეალობა მოსახლეობისთვის და მოქალაქეების ხმა მეტად ისმოდეს. ვინ რა პასუხისმგებლობით შეხვდება ამომრჩეველს, ეს გამოჩნდება 31 ოქტომბერს. ვისთვის იყო ისტორიული და ვისთვის ისტერიული, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით იმ პროცესს, როცა სამართლიანი შეიძლება იყოს პროცესები“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.