საკონსტიტუციო ცვლილებები და 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებელი ნაწილი - რურუა პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღეს სასამართლო პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა და განიხილეს დაცვის მხარის მტკიცებულებები. სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მიმდინარე კენჭისყრის პარალელურად მიმდინარეობდა. 
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. 120-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, აქედან 117 მომხრე ხოლო სამი, ბიძინა გეგიძე, კახა ოქრიაშვილი და ალექსანდრე ერქვანია, კანონპროექტის წინააღმდეგი იყო. ხმით . 
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.
კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. თუმცა ოპოზიცია მიღებულ ცვლილებებს საბოლოო გამარჯვებად არ მიიჩნევს და ისინი 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას მოითხოვენ, რაც პოლიტ პატიმრების, კონკრეტულად კი გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს. 
საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს პოლიტპატიმრების გარეშე, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამ არ უნდა მოადუნოს საზოგადოება, რადგან აუცილებელია, რომ 31 ოქტომბერს დამარცხდეს უბედური კლანი, რომელიც აზის საქართველოს.
„მე მასოვს ნოემბერი და დეკემბერი, როგორ ამბობდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომ აღარაფერი შეიცვლებოდა კონსტიტუციაში, მაგრამ ვხედავ მათ დღეს, როგორ აძლევენ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს და როგორ უნდათ თქვან, რომ ეს ყოფილა მათი საწყისი პოზიციები და განცხადები. დიახ, დღეებმა და ღამეებმა გათენებულმა მშვიდობიანი პროტესტის პირობებში ჩვენ მიგვიყვანა 8 მარტის შეთანხმებამდე, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამდგომლობით გავაფორმეთ „ქართულ ოცნებასთან“, აქვე მინდა ვთქვა, ამ შეთანხმების კიდევ ერთი საკითხი შესასრულებელია - ეს არის გიორგი რურუას განთავისუფლება.
ბევრს შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს პიროვნება, მაგრამ მთავარია საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს ყველა პოლიტპატიმრის გარეშე, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორება არჩევნების კუთხით, ამიტომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ურყევი და ერთიანი, მაგრამ აქვე, მინდა ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, რომ ეს საკონტიტუციო ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვეშვათ, ჩვენ 31 ოქტომბერს თქვენთან ერთად ძალიან დიდი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, უნდა დავამარცხოთ ის უბედური კლანი, რომელიც დღეს აზის საქართველოს და გვაღარიბებს, ამისათვის აუცილებელია, რომ ოდირის რეკომენდაციებით ყველა საკანონმდებლო ცვლილება იქნეს მიღებული საარჩევნო კოდექსში, რომ აღარ განმეორდეს მეორე ტური“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
8 მარტის შეთანხმებას, ასევე შეუსრულებლად თვლის "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერიაც, მსიი თქმით საკონსტიტუციო ცვლილებები კარგია თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება შესრულებულია. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, თუ როგორი შედეგი შეიძლება იქნეს მიღებული დემოკრატიული ოპოზიციისა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით.
ბოკერია განმარტავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის იდეალური შედეგი, რადგან საზოგადოების მოთხოვნა სრულად პროპორციული სისტემა იყო, თუმცა არის გონივრული კომპრომისი, რომელზე წასვლაც „ქართულ ოცნებას“ ქართული დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს.
მისივე თქმით, ახლა მთავარი 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და გიორგი რურუას გათავისუფლებაა.
„თავისთავად კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის გუნდი საკუთარ თავზე გამარჯვებას ზეიმობს დღეს. თითქოს ჩვენ ვიღწვოდით, რომ მაჟორიტარები შეგვენარჩუნებინა. სერიოზული ნაწილი არის ის, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესია დღევანდელ რეალობაზე, მაგრამ ეს საქმე დამთავრებული არ არის. ჩვენ გვჭირდება პოლიტპატიმარ რურუას გათავისუფლება, რომ ეს პრინციპული საკითხი გადაწყდეს, შემდეგ გვჭირდება ნორმალური კამპანია და მერე ივანიშვილი უნდა შევაგუოთ იმას, რომ ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით ის დაკარგავს ძალაუფლებას მშვიდობიანი არჩევნების გზით“,- განაცხადა გია ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას, სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.