ევროპის სახელმწიფოები, რომლებიც ქართველი ტურისტების მისაღებად დღეიდან საზღვრებს ხსნიან

ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.
ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს საზღვრები გაუხსნა ნიდერლანდები იყო. ნიდერლანდების მთავრობამ დაამტკიცა ევროკავშირის მიერ შეთავაზებული,იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს გაუხსნის. ჩამონათვალი 15 ქვეყანას მოიცავს, მათ  შორისა საქართველოც. 
როგორც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს,  პირველი ივლისიდან ნიდერლანდები მიიღებს მოქალაქეებს ევროკავშირის მიერ რეკომენდებული თხუთმეტივე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
 უკვე ორ ივლისს, ევროპის კიდევ ორი ქვეყანა უხსნის საქართველოს მოქალაქეებს საზღვრებს. ესენი არიან გერმანია და საფრანგეთი.
საფრანგეთმა, ევროპული საბჭოს რეკომენდაციებით გათვალისწინებულ 15-ვე ქვეყანასთან გახსნა საზღვარი - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, გადაწყვეტილების შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ჟან-ბატისტ ლემუანმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა.
საფრანგეთს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საზღვრები 15 ივნისიდან გახსნილი აქვს, ასევე დაშვებულია მიმოსვლა ანდორასთან, ისლანდიასთან, ლიხტენშტაინთან, ნორვეგიასთან, სან მარინოსთან, შვეიცარიასთან და ვატიკანთან. გამონაკლისი იქნება ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი, საიდანაც ჩამოსულ მგზავრებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, რადგან ამ ქვეყნებში საფრანგეთის მოქალაქეებზე მსგავსი რეგულაციები მოქმედებს.
ხოლო გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შეეხება ევროკავშირის არაწევრ 11 ქვეყანას, მათ შორის: ავსტრალიას, საქართველოს, იაპონიას, კანადას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაისა და ჩინეთს.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ ივლისს მიიღო. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების მოხსნა არ შეეხება იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებს შეზღუდუვები მანამდე ევროკავშირმა მოუხსნა. იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქდება შესვლის შესაძლებლობების საპასუხო დაშვებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ლატვიას, კიდევ ერთ ევროპის ქვეყანას, რომელმაც საზღვარი გაუხსნა საქართველოს, მან არამარტო საჰაერო მიმოსვლა აღადგინა არამედ ლატვიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში, თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა არ მოუწევთ. აღნიშნულ სიაში მყოფი ქვეყნების მოქალაქეებს ასევე არ დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება და ერთ-ერთია საქართველოც. 
გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში სხვა, ე.წ. წითელი ქვეყნიდან შევლენ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება მაღალ რისკჯგუფს შეესაბამება.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.