დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა

დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები მოქმედებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება ხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორებაა მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

„მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება კონდიცირების საკითხს, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე არის იმის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს: ფიზიკური დისტანცია;

ხელების ჰიგიენის დაცვის წესი; რესპირატორული ეტიკეტი; ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი; კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე; აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია; დაუშვებელია ერთი და იმავე ჰაერის რე-ცირკულაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომლებიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C-ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი: სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე; საგამოცდო სექტორის დატოვების დროს; სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს; კონდიციონერის მუშაობისას.

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С -ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია, საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ შექმნილი ვითარება მათ ცოდნის გამომჟღავნებაში ხელს არ შეუშლის.

„ცნობილი მიზეზების გამო წელს უჩვეულო გარემოში გვიწევს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება, თუმცა დარწმუნებული ვართ, ამ გამოწვევის მიუხედავად, აბიტურიენტები მაქსიმალურად შეძლებენ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2 აბიტურიენტი გამოცდაზე  მაღალი ტემპერატურის გამო არ დაიშვა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.

„უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93%. გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 აბიტურენტი. რაც შეეხება გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაშვების ფაქტს, ასეთი 2 შემთხვევაა მთელი საქართველოს მასშტაბით, ორივე შემთხვევაში იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. ასევე, 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის მომატების ფაქტი, იყო დასაშვები ტემპერატურა, ექიმმა ნახა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშვა აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში უკვე ჩართულია კონდიციონერი.

„რამდენიმე სხვა საგამოცდო ცენტრში უკვე ჩართულია კონდიციონერები და ასეთ შემთხვევებში აბიტურიენტებს პირბადეები უკეთიათ“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისამდე გაგრძელდება.

 

გიორგი ჩაფიძე