თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა - მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

მიხეილ კალანდიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. კალანდიას11 წლით და 3 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ კალანდიას ოჯახის წევრები.

როგორც მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, განაჩენი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო მოულოდნელი არ ყოფილა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ უბრალოდ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან არავინ არ ვაპირებთ დანენებას და გაჩერებას, არავის არ შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით ციხეში გაშვებას, რადგან უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის არ ჭირდება ზედმეტი ხმაური და რაღაც გაუგებრობა წინაპოლიტიკურ სცენაზე. ასე რომ, ეს განაჩენი მოსალოდნელიც იყო“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

მიხეილ კალანდიას მამა კი განმარტავს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ისინი სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.

„არავითარ მოულოდნელობას არ ჰქონია ადგილი, ესენი ხომ მონები, მარიონეტები არიან! გასაჩივრებას აზრი იმის გამო აქვს, რომ სტრასბურგში წავიდეთ, თორემ აქ რომ შედეგი არ დადგება, ვიცი. ესენი არიან მონები, მარსაგიშვილის და სანდოძის თამადობით. ამათ მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი. ახლა ეშინიათ, შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ. საქმეში მტკიცებულებები არ არის, არის ვიღაცის მონათხრობი, ვიღაცის განაგონი და ვიღაცის ზღაპრები. გაუგონარია, ზღაპრებით ადამიანს 15 წლით ციხეში უშვებდნენ, ეს არსად ხდება, ეს მხოლოდ დამპალ საქართველოში ხდება!", - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით  დააკავეს. კალანდია საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდდა, მაგრამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა.

 

გიორგი ჩაფიძე