თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი ნაადრევია - ექსპერტის შეფასება

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზზე საუბარი ნაადრევია.

როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი ფიქრობს, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შემდგომ კომპლექსურ-კომისიური კვლევაც ჩატარდება.

„დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ. მგონი ნაადრევია ვისაუბროთ რაიმე სახის ვერსიზე, რა შეიძლება გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი. ჯერ კიდევ არ არის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხი და შემდგომში ვფიქრობთ, რომ ჩატარდება კომპლექსურ-კომისიური კვლევა, რაც მოიცავს სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლას. როდესაც გვექნება სისხლის სამართლის საქმე, უფრო ნათელი გახდება რაზე შეიძლება ვისაუბროთ.

როდესაც გვექნება შეხვედრა ადვოკატთან, შევჯერდებით ოჯახის პოზიციაზე, მივიღებთ ინფორმირებულ თანხმობას რა მოცულობით ინფორმაცია გავასაჯაროოთ და შემდეგ გვექნება უფლება“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ავტომობილში, სადაც 23 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, იყო ისეთი მედიკამენტები, რომლებსაც შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი იყენებდეს.

მისივე თქმით, ექსპერტები გასცემენ პასუხს კითხვებს, ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს რაიმე სახის დაზიანება.

„ოჯახის პოზიცია იგივეა და ელოდებიან ობიექტურ გამოძიებას.

ექსპერტები გასცემენ პასუხს, თუ არის რაიმე დაზიანება. მაგრამ დაზიანების გარეშეც შეიძლება ადამიანი მოკლული იყოს და თვითმკვლელობამდე მიყვანაც არ ნიშნავს იმას, რომ ადმიანი არ შეიძლება იყოს მოკლული.

სხვადასხვა მედიკამენტები იყო, რომლებსაც შეიძლება ყველა ადამიანი იყენებდეს, დეტალურად ვერ გეტყვით, მაგრამ ფსიქოტროპული რომ არ იყო ეს ზუსტად ვიცი“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შედეგად თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს