აშშ-ის სენატმა თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა - როგორ აფასებს მმართველი გუნდი სენატის გადაწყვეტილებას

აშშ–ს სენატმა 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა.

აღნიშნულ საკითხს შეფასებები მოყვა მმართველი გუნდის მხრიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიესალმება აშშ–ს სენატის მიერ 2021 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცებას.

როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ კანონპროექტში კიდევ ერთხელ გამოიხატა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა.

„დოკუმენტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს. იგი ეხმიანება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, გამოყოფს საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში და ასევე აშშ-ს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას დაეხმაროს პარტნიორებს როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე არსებული საფრთხეების დასაძლევად მდგრადობის გაძლიერების კუთხით.

როგორც იცით წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს დაამტკიცა კანონპროექტის მისი ვერსია, რომელიც ასევე შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გზავნილებს.

ნიშანდობლივია, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ორივე პალატის ვერსია, ერთმნიშვნელოვანია შეფასებაში და ყოველგვარი პირობითობის გარეშე, ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ პარტნიორთან - საქართველოსთან თანამშრომლობის სიღრმესა და სიმტკიცეს, იქნება ეს ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თუ, გლობალურად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ჩართულობა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე - სენატისა და წარმომადგენელთა პალატის - მიერ დამტკიცებული ვერსიები არის ორმხრივი ურთიერთობის მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება ამერიკის კონგრესის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობას.

ეს სწორედ ის საკითხებია, რომელსაც ჩვენი გუნდი განიხილავს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენ თვალსაჩინოდ ვხედავთ ამ თანამშრომლობის შედეგებს. განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომელთაც ამ შემთხვევაშიც უშედეგოდ სცადეს წარმოეჩინათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის კონტექსტში“, - წერს დავით ზალკალიანი.

ამავე საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში მხარდაჭერილია ის პროგრესი, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ წლების მანძილზე მიაღწია.

„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა მიიღო თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული. ასევე, მხარდაჭერილია ის პროგრესი, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდჭერით ჩვენ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად მივაღწიეთ ამ წლების მანძილზე. მოგეხსენებათ, იყო არაერთი კრიტიკული მოსაზრება, ოპოზიციის მხრიდან იყო სპეკულაციებიც. დღეს უკვე მიღებულ დოკუმენტში ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რომ იქ მხარდაჭერა არის გამოხატული ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. რასაკვირველია, საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაგრძელებას, აგრძელებს პროგრესის კიდევ უფრო კონსოლიდაციას ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ამერიკის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება.

„რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ, როგორც საქართველოს მეგობრებს აქვთ ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება. ხედავთ, რომ დროთა განმავლობაში, ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ყველა სახის პოლიტიკურ, ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლდა დგას. ეს ყველას კარგად ესმის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი და საკადრისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გიორგი ჩაფიძე