ბაჩალიაშვილის საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზაა დანიშნული - ოჯახის ადვოკატი ეჭვობს, რომ საქმე თვითმკვლელობას არ ეხება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, კალიგრაფიულ და სხვა ძალიან ბევრ თემაზე ექსპერტიზაა დანიშნული.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ორ საათში გაცნობილი ჩვენებების საფუძველზე ვერ იტყვის, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება.

„ჩემი კითხვები დაკავშირებულია პირველ რიგში, ხუთდღიან ძებნასთან, რომელიც მიმდინარეობდა და თუ გამოყენებულია დრონი, მაინტერესებს ამ დრონის ჩანაწერები, რა ადგილებია გამოძიებული. კალიგრაფიულ და სხვა ძალიან ბევრ თემაზე ექსპერტიზა არის დანიშნული. რაც მჭირდებოდა და რაც საქმეს ჭირდებოდა, ყველაფერზეა ექსპერტიზა დანიშნული. გააჩნია რა პასუხს მივიღებთ. თუ იქნება ისეთი პასუხები, რაც მე და საქმეს ჭირდება, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება. მაქვს ისევ ის ეჭვი, რომ ასე მარტივად არ მოხდებოდა თვითმკვლელობა, ასე არ ხდება თვითმკვლელობა. შესაბამისად, ერთ და ორ საათში გაცნობილი ჩვენებების საფუძველზე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა აცხადებს, რომ ოჯახს აქვს გარკვეული კითხვები - თუ საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი, აინტერესებთ, ვის უნდა მიეყვანა გარდაცვლილი აქამდე.

ბიძა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ადვოკატმა მასალების სრულად გაცნობა ვერ შეძლო, რადგან ძალიან დიდი მასალაა.

„არის ძალიან დიდი მასალა სამწუხარო ადვოკატმა ფიზიკურად  ვერ მოახერხა სრულად გაცნობა. ოჯახს აქვს კითხვა გამოძიებასთან, რადგან დაემატა იძულებით თავისუფლების აღკვეთის მუხლს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანა, გვაინტერესებს ვის უნდა გაეკეთებინა, ვის შეიძლება ეძალადა თამუნაზე რომ თვითმკვლელობამდე მიეყვნა“, - განაცხადა ბაჩალიაშვილის ბიძამ.

ცნობისთვის, 23 წლის გარდაცვლილ პროგრამისტს, თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ. ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, 22 ივლისს, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

 

გიორგი ჩაფიძე