შაქარაშვილის საქმეზე 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - რა მოლოდინები აქვთ საქმის ადვოკატებს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, დღეს სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელებენ, არასრულწლოვნების პროცესი კი 31 ივლისს არის ჩანიშნული.

ბრალდებულების ადვოკატების ნაწილს არა აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არასაპატიმრო ღონისძიებას გამოიყენებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც დააყენებენ გირაოს გამოყენების შუამდგომლობას.

მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დასმული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კვლავ ძალაში დარჩეს, რადგან ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და არსებობს მათი მიმალვის საფრთხე. ოჯახი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომ პირებს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინოთ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

შესაბამის შუამდგომლობას ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დააყენებს.

„მოლოდინი არანაირი არ მაქვს, თუმცა, ვაპირებ აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით შუდგომლობის დაყენებას, რომ პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი. რადგან საქმეში არასრულწლოვნები არიან ჩართული, მათი ვადის გადაწევა არ ხდება და ამიტომ გამოყვეს ეს 11 პირი და დანარჩენების აღმკვეთი ღონისძიება ცოტათი წინ. არგუმენტები ის გახლავთ, რაც პირველ სასმართლო პროცესზე იყო, მაგრამ საზოგადოებრივი წნეხის და სხვადასხვა გარემოების გამო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო და ვერ დაადასტურა თავისი ღირსეული თავისუფლება, ვფიქრობ, დღესაც იდენტური სიტუაცია იქნება“, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

ამავე საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის საკითხი არ არსებობს.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საბა ჩხარტიშვილის ბრალი არ ედება. ჭიკაიძე არნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

„სასამართლომ თავისი ინიციატივით მოიწვია მხარეები და შესაბამისად, წარმოდგენილი იქნებიან ბრალდებულები. რა თქმა უნდა, გვექნება შუამდგომლობა საკმაოდ დასაბუთებული იმისთვის, რომ საბა ჩხარტიშვილის მიმართ არ უნდა იქნეს დატოვებული პატიმრობა ძალაში. საბა ჩხარტიშვილის ბრალი ედება 126 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. იმ ტრაგედიასთან, რომელიც მოხდა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საბა ჩხარტიშვილის ბრალი არ ედება. ეს ძალადობა არ უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. საბა ჩხარტიშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის საკითხი არ არსებობს“, - განაცხადა ჭიკაიძემ.

სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყო. 

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს, 11 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.