მაიკ პომპეო საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს - როგორია ოპოზიციის შეფასება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

მათ საუბარს ოპოზიციის მხრიდან შეფასებები მოჰყვა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საუბარი პრემიერ მინისტრთან ნიშნავდა იმას, რომ არ გაბედონ არჩევნების გაყალბება.

მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან არჩევნებზე იქნება უმკაცრესი დაკვირვება და თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, ამას ექნება უმწვავესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის.

„პრემიერ- მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შორის საუბრის შემაჯამებელი შინაარსი გამოქვეყნდა ტვიტერზე. ეს იყო ძალიან მოკლე და ნიშნავდა შემდეგს: არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები! მორჩა, ეს იყო მისი განცხადება ტვიტერზე. შემდეგ როცა მთავრობა ამბობს, რომ საუბარი იყო ამაზე, იმაზე, დიახ, ეს დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია - გამარჯობა, როგორ ხართ? ინფექცია როგორ გადაიტანეთ? ჩვენები პასუხობენ - მადლობთ, კარგია, რომ ფული მოგვეცით ინფექციის საწინაადეგოდ. მთავარი რაც იყო და რისთვისაც შედგა ეს საუბარი გამოქვეყნდა ტვიტერზე. იქნება უმკაცრესი დაკვირვება აშშ- ის მხრიდან არჩევნებზე და იმ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, მას ექნება უმწვავესი და უმკაცრესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, იყო საუბარი სასამართლოს არასწორ მუშაობაზე, მაგრამ მთავარი შინაარსი, როგორც აღვნიშნე იყო რომ არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ნუ იქნება ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ეს იყო საუბრის მთავარი შინაარსი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა „ქართული ოცნება“ გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვება.

მისი თქმით,სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაიკ პომპეომ, ფაქტობრივად, გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასთან.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაქტობრივად, გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რაც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას. ასეთი გზავნილი აჩვენებს ერთ რამეს - სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მოითხოვა მისგან აშშ-ს კონგრესმა, როდესაც დააწესა ფინანსური სანქცია საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე და დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ „ქართული ოცნება“ და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც მოჰყვება არჩევნების გაყალბებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

 

გიორგი ჩაფიძე