საეჭვო გარემოებები და კითხვები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ. ისინი გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ. 

ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ და აქციაში მონაწილეობა მიიღონ, რათა, მისი თქმით, მსოფლიომ მისი შვილის საქმის შესახებ გაიგოს.
კითხვები რომელიც ამ საქმეზე დაგროვდა და ლეგიტიმურად ჟღერს.

მაისური

დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილს სახლიდან გასვლისას შავი მაისური ეცვა, ცხედარს კი, რომელიც სოფელ გოლთეთში იპოვეს - თეთრი. 

"თეთრი აცვია სურათებშიო, მეზობელმა კი მითხრა, რომ შავი ეცვა. ჩემმა მეზობელმა რომ ნახა, ძალიან კარგად მახსოვს, მითხრა, რომ ეცვა შავი", - ამბობს თამაზაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში. 

სოფელ გოლთეთში მცხოვრები ქალი, რომელიც ყვება, რომ ბაჩალიაშვილი დაინახა, ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ მას თეთრი მაისური არ ეცვა.  

ელეკქტოშოკერი

ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა.

თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ელექტროშოკი გარდაცვლილს მანქანაში უნდა ჰქონოდა.

„მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე  კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მიერ ელექტროშოკის შეძენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ეს ნივთი თავდაცვისთვისაა, თუმცა ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, ეშინოდა თუ არა ვინმესი ბაჩალიაშვილს და იყო თუ არა ეს ელექტროშოკის შეძენის მიზეზი.

„ვერ გეტყვით, ვინმესი ეშინოდა თუ არა. ადამიანი მაგას რომ ყიდულობს,  შეიძლება, ჩვეულებრივი მომენტი იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რა  მდგომარეობაა დღეს საქართველოში კრიმინალური თვალსაზრისით. ყველას შეიძლება, ჰქონდეს თავდაცვის მიზნით. იმდენი ნივთია ამოღებული და დალუქული, როცა გაიხსნება, ვნახავ. რას უკავშირდება ამის შეძენა, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მოწმე არასრულწლოვანი 

ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრმა მაწევანში მცხოვრები არასრულწლოვანი, ეკატერინე ელბაქიძე ჩაწერა (მშობლების ნებართვით), რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი დაკარგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეორე დღეს შენიშნა.

"როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ, რომ მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას სადაც 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს, 19 ივლისს არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით პოლიციელებს და უფროსებსაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი. ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი". – უთხრა ფორმულას ეკატერინე ელბაქიძემ.

გაუხსნელი და ძლივს გახნილი ლეპტოპი

ბაჩალიაშვილის მამის თქმით, გამომძიებელმა მას უთხრა, რომ მისი შვილი პრობლემებში იყო. როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, ეს გამომძიებელმა თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპის დათვალიერების შემდეგ დაასკვნა. 

"ვრეკავ დილით, მთელი ღამე მისკდება გული, არ მპასუხობს. თქვენი შვილიო, კომპიუტერი გავხსენი და ძაან დიდი პრობლემის წინაშეაო. არ უთქვამს, რა პრობლემის. ეს იყო გუშინ. აი, კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, იმ პირმა მითხრა". – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 
 ბაჩალიაშვილის კუთვნილი ლეპტოპის ექსპერტიზა 4 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აღნიშნავს, რომ მის მიერ მოწვეულ ექსპერტებთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშია. ავტომობილთან დაკავშირებით კი, გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი, ამიტომ უცნობია თუ როდის ჩაუტარდება ავტომანქანას ექსპერტიზა.

„ვნახავთ რა მდგომარეობაა, რა პროცედურა მიმდინარეობს. ალბათ დღეს დასრულდება კომპიუტერის ექსპერტიზა. ავტომობილზე ვნახავთ რაღაც საკითხებია მოსაგვარებელი. ველოდებით პასუხს ჩემს მიერ მოწვეულ ექსპერტებთან დაკავშირებით.

დიაგნოსტიკური აპარატი, რომელიც მე მინდოდა ჩართულიყო, თუ იქნება წარმოდგენილი კარგი იქნება, თუ არადა რაც არის საქართველოში იმ დიაგნოსტიკური აპარატით იქნება ჩატარებული ავტომობილის დიაგნოსტიკა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

საეჭვო ლოკაცია 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი და მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროში იმ ადგილიდან 15 კილომეტრის რადიუსში იპოვეს, სადაც ბოლოს კამერებმა აღბეჭდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის თქმით, სოფელ მაწევანის მიმართულება ხაიშში გამოკითხულ ადამიანებს არ მიუთითებიათ. 23 წლის ქალი კამერებმა სახლიდან გასვლიდან დაახლოებით ოც წუთში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. ის მანქანას თავად მართავდა.

"დეტალურად შევისწავლეთ ის ტერიტორია და გამოვკითხეთ ადგილობრივები, ვადგენდით შესაძლო გადაადგილების მარშრუტებს, თუმცა, ვერ იქნა მოძიებული იქიდან გამომდინარე, რომ 15 კილომეტრის დაშორებით, სხვა სოფელში, მიტოვებულ, დაუსახლებელ ადგილას აღმოჩნდა გარდაცვლილის ავტომანქანა, რაც დააფიქსირა შემთხვევით გავლილმა არასრულწლოვანმა მწყემსმა, რომელიც გამოკითხა პოლიციის მიერ" -  თქვა ჭელიძემ.
ბაჩალიაშვილის მანქანა ბოლოს სოფელ ხაიშში მდგარმა ჭკვიანმა კამერამ დააფიქსირა, სადაც ჩანს, რომ ის მანქანას თავად მართავდა. ამის შემდეგ გზაზე კამერები აღარ არის. პოლიცია მანქანის გადაადგილების მარშრუტს ვეღარ ადგენს, თუმცა ადგილობრივებზე დაყრდნობით, ის მოგვიანებით სოფელ გოლთეთში გამოჩნდა, რომელიც გარდაცვლილის პოვნის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრშია.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობის, შპს "ათ"-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ ტერიტორიაზე განლაგებული კამერები 4 წელია არ მუშაობს. 

ეს სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატის ვარაუდით, გარდაცვლის ქონდა შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, კავშირში იყო მის გარდაცვალებასთან. 

ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, კამერების შესახებ ინფორმაცია გამოძიებას სწორედ მან მიაწოდა.

თავის მხრივ, საკალმახეში ამბობენ, რომ კამერების ჩანაწერებს ვერ ამოიღებდნენ, რადგან ვიდეოკონტროლი ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა.

სასიკვდილო ინფორმაცია

ბაჩალიაშვილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ბაჩალიაშვილს, შესაძლოა, ისეთ მასალებზე ჰქონოდა წვდომა, რომელიც მას არ უნდა სცოდნოდა.

„მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჩემმა შვილმა თავი მოიკლა. წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და დეასთან ერთად ეძებდა მეორე სამსახურს და რატომ მოიკლავდა თავს?!

არავინ არ მაყენებს საქმის კურსში. ძებნისასაც ვიხვეწებოდი, რომ გამაგებინეთ, მეც იქნებ რაღაცაში გამოგადგეთ და არაფერს აღარ გამოვრიცხავ უკვე.

შეიძლება უშუალოდ სამსახურში არა, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად ნიჭიერი იყო, იქნებ სხვა რამეში შეაღწია და ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომელიც არ უნდა სცოდნოდა“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
23 წლის პროგრამისტის საეჭვო გრდაცვალების საქმეზე „შაბათის ფორმულას“ წყარომ საგამოძიებო უწყებიდან დაუდასტურა რამდენიმე დეტალი, რაზეც ამ დროისთვის გამომძიებლები მუშაობენ. წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილით, 10:15 წუთზე დაურეკეს. ზარი „ვოთსაფის“ საშუალებით განხორციელდა და გოგოს კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს.

ზარის ავტორს თამარი იცნობდა, რადგან იმ თემაზე, რაზეც შეეხმიანნენ, საუბარი ჰქონდათ გასული დღეების განმავლობაშიც. „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც თამარ ბაჩალიაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე.

რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა. 

„შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.
„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დეენემი.