ჭავჭავაძიე - ევროპა თუ გაჩერებული გამზირი

რამდენიმე დღეა რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირი დისკუსიის და ცხარე დებატების საგანია. 
გაბრაზებული მძღოლები რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირის იდეის ავტორსა და თბილისის მერს, კახი კალაძეს სიგნალებითა და ამ სიგნალის შესაბამისი გამონათქვამებით იხსენიებენ.

"ეს გაჩერება არის ლონდონში. ლონდონი და თბილისი ერთია?! - ეგ ვერ გაუგიათ. ბურთის ტიკტიკის მეტი მაგან ხო არაფერი არ იცის. ორი საათია დელისის მეტროდან ვაკეში მოდის მგზავრი, - ამბობს ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლი. 

მიუხედავად იმისა, რომ ჭავჭავაძის გამზირი პარალიზებულია, თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ რეფორმის ამ ეტაპზე ადაპტაციას დრო სჭირდება. ირაკლი ხმალაძე დარწმუნებულია, რომ მოძრაობა რამდენიმე დღეში დარეგულირდება.

"რა თქმა უნდა, რეფორმის ეტაპზე ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. თუ რამდენიმე თვით ადრე, ვთქვათ ერთი წლის წინ, რაღაც ერთი კონკრეტული მარშუტით მიდიოდნენ დღეს, განსხვავებული სისტემაა. იქნება ეს შეფერხებები ხვალაც, ზეგაც. მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაში ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. პრობლემა არის ის პოლიტიკა სატრანსპორტო სისტემაში, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებდა  მუნიციპალიტეტი, რომლის შედეგადაც მივიღეთ შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებები, - ირაკლი ხმალაძე. 

სამდღიანი ტრენინგის მიუხედავად, ვერც ავტობუსის და ვერც მსუბუქი ავტომობილის მძღოლები ვერ იგებენ, როგორ უნდა გადაადგილდეს ქალაქის ყველზე გადატვირთულ მონაკვეთში, ასობით ავტომობილი მხოლოდ ერთ ზოლში.
"ჩვენ როცა პროექტზე ვიწყებთ მუშაობას, არ ვიწყებთ მუშაობას მკითხავებთან დაკითხვით".- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ რუსთავის 2-ის ეთერში ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო სქემაზე საუბრისას თქვა. 

ბითაძე ამბობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება კახა კალაძის საარჩევნო დაპირება იყო და მერიის ქმედებებმა გაამართლა. 

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირი დაპროექტებულია შესაბამის კვლევებსა და ელექტრონულ სქემებზე დაყრდნობით მიღებულ სქემებზე. ბითაძე ამბობს, რომ მერია სამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს, რომლებსაც აზიის განვითარების ბანკი, გერმანიის მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

"სამივე პროექტის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ჭავჭავაძის გამზირის პროექტირება გვაქვს, სამივე პროექტით, დაპროექტებულია მთელი თბილისი, 10 ძირითადი დერეფნით. შესაბამისად, ზუსტად გვაქვს დათვლილი ის ავტობუსები, რომლებმაც ქალაქში უნდა იმოძრაონ. შესაბამისად, მგზავრთა ნაკადის გაუმჯობესებისთვის, ტრანსპორტმა ორჯერ მეტი მგზავრთა ნაკადი უნდა გადაიყვანოს. პროცესის დასრულების შემდეგ, აუცილებელია ინფრასტრუქტურული ჩარევები. ერთ-ერთი ჩარევა, რომელიც ჩვენ გასულ წელს განვახორციელეთ, იყო კოსტავა-შარტავაზე, სადაც პირველ დღეს, როდესაც მოძრაობა აღდგა, სწორედ ანალოგიური პრობლემები იყო. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი იყო კანდელაკის ქუჩა და შემდეგ ვაშლიჯვრის ესტაკადა".- ამბობს ბითაძე. 

მერის მოადგილე ამბობს, რომ ავტომანქანით გადაადგილების პრობლემა ჭავჭავაძის გამზირზე შეიქმნა შაბათ დღეს და დღეს უკვე გამზირზე საცობი არ არის. 

"ჩვენ მანამდე განვაცხადეთ, რომ ეს დღე იყო ტესტური რეჟიმი. პრობლემა გამოწვეული იყო პირველ რიგში იმით, რომ მძღოლებს აბსოლუტურად გადაწყობილი სქემებით მოუწიათ სიარული და შესაბამისად, ადაპტაციის პერიოდი იყო ეს ერთი დღე, 24 საათი, რომელმაც მშვიდობით ჩაიარა. დღეს რომ გავიაროთ ჭავჭავაძეზე, აბაშიძეზე, ფალიაშვილზე და სხვა მკვეთ ქუჩებზე, ჩვენ იქ საცობს ვერ ვნახავთ, იქ არის ჩვეულებრივი მწყობრი გადაადგილება".- ამბობს ბითაძე. 

ილია ჭავჭავაძის გამზირზე პირველი აგვისტოდან ავტობუსებმა და სამარშუტო ტაქსებმა ახლად გამოყოფილ, სპეციალურ ზოლებში განახლებული სქემით დაიწყეს მოძრაობა. მე-2 და მე-3 ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ამ ზოლებში მხოლოდ ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები ივლიან. თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილების სქემა გამოაქვეყნა. 

ჭავჭავაძეზე ავტობუსების ახალი გაჩერებები ამოქმედდა. ავტობუსები იმოძრავებენ სპეციალურად გამოყოფილი გზის შუა ზოლში, ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით. 

აიკრძალა ჭავჭავაძის გამზირიდან მარცხენა მოხვევით პარალელურ ქუჩებთან დაკავშირება
ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით. ვაკის პარკიდან მოძრავ ავტომობილებს ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შეეძლებათ კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩების დახმარებით.
ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია ცალმხრივად.
ვაკის პარკიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელია მიშველაძის, კავსაძისა და მირცხულავას ქუჩებიდან.
აბაშიძის ქუჩაზე, ვაკის პარკიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით შენარჩუნდება ცალმხრივი მოძრაობა.
ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია მარჯვნივ მოხვევით, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, მირცხულავას, ბაზალეთისა და ნაფარეულის ქუჩების გავლით.
ბაზალეთის, თაქთაქიშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან მარცხნივ მოხვევით შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით გადაადგილება.
ვაკის პარკიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით ყიფშიძის ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელია მიშველაძის, მოსაშვილის ან აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩებიდან, ჭავჭავაძის გამზირის გავლით.
ჭავჭავაძის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება რამიშვილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია ავალიშვილის ქუჩის დახმარებით.
ვაკის პარკიდან ვარაზის ხევის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს, ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით მოხვედრა შეეძლებათ მიშველაძის, კავსაძის, მირცხულავას, ერისთავისა და თაყაიშვილის ქუჩებზე. მიშველაძე და თაყაიშვილის ქუჩები არის ცალმხრივად მოძრავი.
აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელია შემდეგი ცალმხრივად მოძრავი ქუჩებით: ბერძენიშვილი, თაქთაქიშვილი, არაყიშვილი, ბაზალეთი და ნაფარეული.