ალექსეი ნავალნის დიაგნოზი ამ დრომდე დაუდგენელია - რას ამბობენ ექიმები

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაშია, ერთ-ერთი ვერსიით, იგი მოწამლულია, - ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, „ბიბისიმ" გაავრცელა.

რუსეთის ქალაქ ომსკის ექიმები, სადაც ნავალნია მოთავსებული, ვერ ამბობენ რა სჭირს პაციენტს.

ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ომსკის N1 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თქვა, რომ დარწმუნებული არაა ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტში.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი გათიშულია და კომაში იმყოფება.

პოლიტიკოსის პრეს-სამსახურის უფროსის კირა იარაშის განცხადებით, ოპოზიციონერი ტომსკში აეროპორტში მოწამლეს.

ომსკის N1 საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანაშემწე ანტოლი კალინიჩენკო აცხადებს, რომ მედიკოსები იბრძვიან, გადაარჩინონ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიცოცხლე.

„გრძელდება აქტიური მკურნალობა. ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ისინი ახლა რეალურად იბრძვიან, რომ გადაარჩინონ მისი სიცოცხლე“, - აცხადებს კალინიჩენკო.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე, მთავარი ექიმის თანაშემწემ აღნიშნა, რომ სანამ პაციენტი გაეწერება კლინიკიდან, მის სიცოცხლეს საფრთხე ყოველთვის ემუქრება.

კალინიჩენკომ დასძინა, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტებს დიაგნოზსა და სხვა ინფორმაციას. მკურნალობას აკონტროლებს ფედერალური და რეგიოალური ჯანდაცვის სამინისტრო.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავს ომსკში დაჯდომა მოუწია. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული