პუტინის რეჟიმის მიერ მოკლული ჩეჩნეთის ოთხი პრეზიდენტი

ჩეჩენი ხალხის მიერ არჩეული ოთხი პრეზიდენტი რომელიც რუსეთის ფედერაციამ და მისმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირადად მოკლა. ჩეჩნეთი არის მსოფლიოში  ერთადერთი სუბიექტი სადაც, ზედმიწევნით ხალხის მიერ არჩეული ოთხი პრეზიდენტი მოკლეს.


ჯოხარ დუდაევი ჩეჩნეთის პირველი  პრეზიდენტი

ჯოხარ დუდაევი  ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი 1991 წლის 27 ოქტომბრიდან სიკვდილამდე.
1991 წლის 27 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში სახელმწიფოს მეთაურად აირჩიეს ჯოხარ დუდაევი. ჩეჩნეთის ამ ნაბიჯმა აღაშფოთა კრემლის მესვეურნი და 1991 წლის 8 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა გამოსცა ბრძანება რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საპასუხოდ დუდაევმა საკუთარ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და გასცა ბრძანება თავდაცვის შეიარაღებული რაზმების გაშლის თაობაზე. 1991 წლის 9 ნოემბრის, გამთენიისას ხანკალას აეროდრომზე დაფრინდა რუსეთის რვა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა იწყო თავმოყრა გროზნოს ცენტრში, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი.

1991 წლის 9 ნოემბერს ჩეჩნეთის ისტორიაში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი-შუადღისას, რესპუბლიკის პარლამენტში ფიცი წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა. ამრიგად ელცინის ნაბიჯებმა უკუშედეგი გამოიღო და ჩეჩნეთის დამორჩილების ნაცვლად, მან პრაქტიკულად მთელი ჩრდილოეთი კავკასია კრემლის წინააღმდეგ აამხედრა. იმავე დღის საღამოს, რუსეთის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება ხანკალაში ბლოკირებული რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. 1991 წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებას ამცნო ჩეჩენი ერის ნება - შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ.

დაუძლურებული საბჭოთა რუსეთის იმპერია იძულებული გახდა დაჰყოლოდა თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნებას. თუმცა, კრემლი საგულდაგულოდ ემზადებოდა რევანშისთვის და 1994 წლის დეკემბერში,რუსეთი ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ჩეჩნეთის რესპუბლიკა — იჩქერიაში, სადაც შეიყვანა 30 ათასი ჯარისკაცი, 230 ტანკი, 450 ჯავშანტრანსპორტიორი. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი. აქტიურად იბომბება დედაქალაქი - გროზნო, რომელიც რუსებმა პრაქტიკულად აღგავეს პირისაგან მიწისა; პარალელურად რუსეთის სპეცსამსახურები სულმოუთქმელად ნადირობენ პრეზიდენტ დუდაევზე. 1996 წელს, ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით მოხდა პრეზიდენტის მობილური სატელეფონო საუბრის გადატაცვა და მის მისამართით გაგზავნილ იქნა ზესიზუსტის მქონე რაკეტა. ჯოხარ დუდაევი ვერაგულად მოკლეს სოფელ გეხი-ჩუს სიახლოვეს. მის პატივსაცემად დედაქალაქ გროზნოს ეწოდა ჯოხარ-ღალა.


ზელიმხან იანდარბიევი - ჩეჩნეთის მე–2  პრეზიდენტი

ზელიმხან იანდარბიევი დაიბადა ყაზახეთში გადასახლებაში მყოფ ჩეჩენთა ოჯახში. საშუალო სკოლა დაამთავრა დაბა ძველ ათაგიში. უმაღლესი განათლება მიიღო ჩეჩნეთ–ინგუშეთის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდგომ იანდარბიევი ასრულებს მ. გორკის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს კურსებს მოსკოვში. მუშაობდა ჩეჩნეთ–ინგუშეთის წიგნის გამომცემლობაში. იყო პირველი რედაქტორი საბავშვო ჟურნალისა „სტელა ადი". 1985 წლიდან იანდარბიევი სსრკ მწერალთა კავშირის წევრია. 1991 წლის აგვისტომდე იგი მუშაობდა ჩეჩნეთ–ინგუშეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად. 1996 წლის 23 აპრილიდან პრეზიდენტ ჯ. დუდაევის დაღუპვის შემდეგ ცხრა თვის მანძილზე ასრულებდა იჩქერიის პრეზიდენტის მოვალეობას. 1999 წლის ოქტომბერში, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდგომ ზ. იანდარბიევი დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ავღანეთში, სადაც თალიბთა ხელმძღვანელობასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე.

ზელიმხა იანდარბიევი იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საქართველოდან გროზნიში გადასვენების კომისიის თავმჯდომარე.
იანდარბიევი დაიღუპა მასზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 2004 წლის 13 თებერვალს, ქატარის საამიროს დედაქალაქ დოჰაში. ტერაქტის შედეგად მძიმედ დაიჭრა მისი 13 წლის ვაჟი. 19 თებერვალს ადგილობრივმა ხელისუფლებმა მოახერხეს ტერაქტის შემსრულებელთა დაკავება, რომლებიც, რფ-ის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები აღმოჩნდნენ. 26 თებერვალს ქატარის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალური ბრალდება წაუყენა ბოროტმოქმედებს. რუსეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა კატეგორიულად მოითხოვა მათი განთავისუფლება. მისი უწყების თანახმად ქატარში დაკავებულნი სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც საამიროში მივლინებით იმყოფებოდნენ.

2004 წლის 30 ივნისს ქატარის სასამართლომ ორი რუსი ჯაშუში–ანატოლი ბოლშაკოვი და ვასილი ბოგაჩოვი დამნაშავედ სცნო ჩეჩნეთის რესპუბლიკა–იჩქერიის ექს–პრეზიდენტის ზ. იანდარბიევის მკვლელობაში და მათ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.საამიროების კანონმდებლობით ამგვარი ვადა სამუდამო პატიმრობის ტოლფასია.

ასლან მასხადოვი - ჩეჩნეთის მე–3  პრეზიდენტი

1997 27 იანვარს გამართულ დემოკრატიულ არჩევნებში იჩქერიის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია ასლან მასხადოვი.
რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს 2000 წელს მოსკოვმა მასზე ძებნა გამოაცხადა. საქმე ის არის, რომ ჩრი-ის პირველი პრეზიდენტის ჯ. დუდაევის მკვლელობის 21 აპრილი 1996 შემდეგ, კრემლის მესვეურნი იმედოვნებდნენ, რომ ჩეჩნეთის სათავეში მათი პოლიტიკური პარტნიორი მოვიდოდა, მაგრამ მასხადოვმა მცირედით არ გადაუხვია დამოუკიდებლობის კურსს და ბოლომდე უერთგულა მისი წინამორბედის მიერ განცხადებულ იდეას. განვითარებული მოვლენების გამო, იჩქერიის პრეზიდენტი იძულებული გახდა იატაკქვეშეთში გადასულიყო, რის გამოც ძალაუფლების ნაწილი იჩქერიაში მოსკოვმა იგდო ხელთ. აღსანიშნავია, რომ მისი გავლენა ფართო მასებში არ შესუსტებულა, ხოლო შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი კვლავ მის განკარგულებაში იყო.

2005 წლის 8 მარტს, სოფელ ტოლსტოი-იურტში პრეზიდენტი მასხადოვი მოკლულ იქნა რუსეთის ფედერალური ძალების მიერ.

აბდულ–ჰალიმ სადულაევი  ჩეჩნეთის მე–4 პრეზიდენტი

აბდულ–ჰალიმ სადულაევი  ჩეჩნეთის მე–4 პრეზიდენტი. მისმა მმართველობამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა, რადგან მოკლეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და პრორუსული ჩეჩნური ძალების გაერთიანებული თავდასხმის შედეგად. ხანმოკლე პრეზიდენტობის მიუხედავად, მან მოახერხა მოეპოვებინა არა მხოლოდ ჩეჩენი სეპარატისტების, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მებრძოლი ანტირუსულად განწყობილი მუსლიმების კეთილგანწყობაც. ასევე შეძლო დაეყოლიებინა ექსტრემისტი შამილ ბასაევი უარი ეთქვა ტერორიზმზე, შედეგად, მისი მმართველობის პერიოდში არც ერთი სერიოზული ტერორისტული აქტი არ განხორციელებულა.როდესაც რუსეთ–ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო, სადულაევი კვლავ ჩაება საბრძოლო მოქმედებებში. მალე ის ერთ–ერთი საუკეთესო სარდალი გახდა და 2002 წელს მასხადოვმა პრეზიდენტის პოსტზე თავის შემცვლელად დაასახელა. 2005 წლის 8 მარტს მასხადოვი მოკლულ იქნა რუსული სამხედრო ძალების მიერ, რის შემდეგაც მისი პოსტი სადულაევმა დაიკავა. მას მიაჩნდა, რომ დამოუკიდებლობის მოიპოვებისთანავე დემოკრატიულად, არჩევნების გზით უნდა აერჩიათ პრეზიდენტი.

სადულაევს იდეოლოგიურის გარდა პირადი მიზეზიც ჰქონდა რუსეთთან საბრძოლველად. 2003 წელს რუსმა სამხედროებმა მისი მეუღლე გაიტაცეს და იმ მიზნით, რომ ქმრის ადგილსამყოფელი ეთქმევინებინათ, სასტიკი წამებით მოკლეს.
2006 წლის 17 ივნისს სადულაევი მოკლეს მშობლიურ ქალაქ არღუნში, რუსული 12–კაციანი სამხედრო ჯგუფის მიერ.[5] მისი გარდაცვალების შესახებ რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთის მიხედვით, იგი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ორ ჩეჩენ მებრძოლთან ერთად, თუმცა გარდაცვალებამდე მან და მისმა თანამებრძოლებმა ხუთი რუსი ჯარისკაცის მოკვლა მოასწრეს. ამასთან, გავრცელდა ხმა, რომ უცნობმა ინფორმატორმა მისი ადგილსამყოფელი მცირე თანხის საფასურად გასცა; მეორე ვერსიით კი სადულაევის მკვლელობა შემთხვევითია. რუსმა სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ ის კონკრეტულ სახლში იმყოფებოდა, მხოლოდ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მშობლიურ ქალაქში იყო დაბინავებული. ამიტომ მთელს არღუნში დადიოდნენ და ეძებდნენ სახლს, რომელშიც შეიძლებოდა თავი შეეფარებინა. ერთ–ერთ ასეთ საეჭვო სახლში შესვლისას მათ ეზოდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ორი რუსი ოფიცერი, გადარჩენილებმა კი უკან დახევისას სახლში ყუმბარა შეაგდეს. სწორედ ამ ყუმბარამ იმსხვერპლა 39 წლის სადულაევი.