განხეთქილება ოპოზიციაში - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციის დანარჩენი პარტიებისგან გამოხმაურება მოჰყვა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ისნის ოლქში საერთო მაჟორიტარად დაასახელა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა.

მისი თქმით, ისნის ოლქში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს.

„ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გატეხა სიტყვა, დაარღვია შეთანხმება, ეს ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ისანს, ისანში გაიმარჯვებს ყველაზე ღირსეული. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაარღვია შეთანხმება და გატეხა სიტყვა, ამის დასტურია სხვა შეთანხმების მონაწილეების განცხადებები. ძალიან ვწუხვარ... ისანში გაიმარჯვებს ღირსეული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალიან მცდარი გადაწყვეტილებაა, რაც დააზარალებს მთლიანად ოპოზიციას და შეამცირებს შანსებს, რომ ივანიშვილი თბილისში დამარცხდეს.

„ეს გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის, რომ ისანში კონკურენტი დაუყენონ  შეთანხმებულ კანდიდატს არის არასწორი და მცდარი  გადაწყვეტილება და არის დიდი შეცდომა.  ჯამში ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ისე ზოგადად ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დაამარცხონ თბილისში. კარგი წინაპირობა იყო, რომ ყველა ოლქი იყო შეთანხმებული და ყველგან გვყავდა საერთო კანდიდატი, ეხლა ეს შეთანხმება იქნა გადახედილი, რაც არის ძალიან ცუდი. მიუხედავად ამისა  ევროპული საქართველოს ამოცანა არის, რომ სადაც შესაძლებელია მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ ბიძინა ივანიშვილს, დავამარცხოთ ის პირველ ტურში შეთანხმებულ ოლქებში, ხოლო მეორე ტურებში ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის. კიდევ ერთხელ, კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც, ის შეთანხმებები, რომლებიც არის დადებული ოპოზიციურ პარტიებს შორის, იქნება ყველა მხრიდან შეთანხმებული და არ მოხდება რეგულარულად მათი გადახედვა, როგორც ამას აქვს პრაქტიკა ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თავად „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მას არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის არ ჭირდება.

„ერთადერთი, რაც დღეს მინდა გითხრათ : თავს დავდებ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. მე არ მჭირდება არჩევნები ძალაუფლებისა და თანამდებობისთვის. მე ვიბრძოლებ თქვენი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და უფლებებისთვის. შეხვედრამდე“, - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით, 31 ოქტომბერს ჩატარდება.

 

გიორგი ჩაფიძე