ბაჩალიაშვილის საქმე - რაზე ისაუბრეს ომბუდსმენმა და გენერალურმა პროკურორმა დღევანდელ შეხვედრაზე

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ და ნინო ლომჯარიამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის შესახებ ისაუბრეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, ასევე საქმეში გამოვლენილ გარემოებებზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე სახალხო დამცველს მიაწოდოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს პროკურატურა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებას ახდენს და მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისა და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, საზოგადოების ინფორმირებას მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის თაობაზეც განუცხადა.

ლომჯარიას თქმით, პროკურატურაში ამბობენ, რომ FBI-ის ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვის მზაობა არ აქვს.

როგორც ომბუდსმენმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, FBI-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება მათ კომპეტენციაში არ შედის.

„რა თქმა უნდა FBI-ის მიმართულებითაც დავსვი გენერალურ პროკურორთან შეკითხვები. როგორც მათ განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან. თუმცა, როგორც აცხადებენ FBI-ში აცხადებენ, რომ ამ საქმის გამოძიება არ არის მათი კომპეტენცია და როგორც ვიცი, ამ ეტაპზე FBI-ის მხრიდან არ არის მზაობა, რომ გამოძიებაში ჩაერთონ. როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, მათ საერთაშორისო სამართლის დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული „ფეისბუქისთვის“, „გუგლისთვის“ და ამ ნაწილში წარმატებით თანამშრომლობენ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა FBI-ს ჩართვის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ თუ გამოძიებაში FBI არ ჩაერთვება, აშშ-ს საელჩოს წინ შიმშილობას დაიწყებს.

 

გიორგი ჩაფიძე