კიბერშეტევა ჯანდაცვის სამინისტროზე - ვინ ცდილობდა უწყების კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება რომ: 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იმ დოზით და პერიოდულობით, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამავე თემას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერიც.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, კიბერშეტევა ბოლო პერიოდის მოვლენების  გამოძახილია და ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს.

მისი თქმით, მარტივი დასადგენია, თუ საიდან მომდინარეობს ეს შეტევა.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს, გარკვეულწილად არის ეს კიბერშეტევა გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების. ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს.

რაც გამოქვეყნებულია რაღაც საიტზე, მონაცემები, მნიშვნელოვანწილად შეიძლება ასე ითქვას, ძირითადად არის უზუსტობა. ასეც რომ არ იყოს, პირადი მონაცემები, ადამიანების არის რასაკვირველია ხელშეუხებელი, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია. საფრთხე ყოველთვის არის. ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება. ნებისმიერ ქვეყანაზე შეიძლება კიბერშეტევის მიტანა.  რეალურად ძნელია, მაგრამ დასადგენია წყარო, საიდანაც მომდინარეობს ეს შეტევა",- განაცხადა გია ვოლსკიმ.​

კიბერშეტევის საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული აქტია.

„რა საიდუმლო უნდა ენახათ? ფეიკებს ათავსებენ, ვითომ დამაჯერებლობა რომ შესძინონ და რა, ახალი ამბავია? სულ ასე არ იქცევიან? ჩვენ მიჩვეულები ვართ ყველანაირ შეტევას - პროპაგანდისტულს, კიბერს და ა.შ. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ასე რომ, ტყუილად გაისარჯნენ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

გიორგი ჩაფიძე