გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - რა მოთხოვნა აქვს 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად. 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩოლოიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმის, ბექა სირაძის განცხადებით, ოჯახი საქმეში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობასაც ითხოვს.

მისი თქმით, ამისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

„ველოდებოდი, რომ მიუსჯიდნენ მაქსიმალურ ვადას 5 წელს, თუმცა მიუსაჯეს სამი წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, გავივლი ადვოკატთან და პროკურორთან კონსულტაციას და თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან, ამ შემთხვევაში გავასაჩივრებთ. თუმცა სამი წელი ცუდი არ არის, რადგან მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები ამტკიცებდნენ რომ ის იყო აბსოლუტურად უდანაშაულო. დანარჩენი მხარეების პასუხისმგებლობასაც ვითხოვთ. ჩვენ ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ბექა სირაძემ.