შეზღუდვები არასაგანგებო მდგომარეობის ფონზე და ნახევრად დისტანციური სწავლება სკოლებში

დღეს ოფიციალურად დადასტურდა ის შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში გარკვეული ვადით იმოქმედებს.

კოვიდ ინფიცირების რეკორდულმა ზრდამ გამოიწვია ქორწილების, ქელეხებისა და დღესასწაულების ღია სივრცეში აღნიშვნის აკრძალვა.

ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს.

ამასთან, 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან, 10 სექტემბრიდან იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები კვლავ აიკრძალება. ამასთან, ე.წ. სოციალური ღონისძიებები ხვალიდან როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებშიც იქნება აკრძალული.

ასევე გადაიდო თეატრებისა და კინო დარბაზების გახსნის თარიღმაც, წითელ ზონად ქცეულ აჭარაში ამოქმედდა გამკაცრებული რეგულაციები.

აჭარის ყველა სკოლა დღეიდან ოფიციალურად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რომელიც განათლების სამინისტრომ დღეს დაამტკიცა.

ამ წესის თანახმად, ელექტრონული სწავლება არის სწავლება ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით და განსაზღვრულია მისი რამდენიმე მოდელი:

სრულად ელექტრონულად, სინქრონულად, რაც გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სამინისტროს მიერ რეკომენდებული რომელიმე ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის ერთდროულად ჩართვას;

სრულად ელექტრონულად, ასინქრონულად, რაც გულისხმობს ტელე/ვიდეოგაკვეთილების ან ხელმისაწვდომი სხვა ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით სწავლა-სწავლებას;

ჰიბრიდულად, რაც გულისხმობს სრულად ელექტრონული სინქრონული ან/და ასინქრონული და დასწრებით სწავლების კომბინირებულად გამოყენებას, რაც შეიძლება იყოს დიფერენცირებული საგნების, კლასებისა და განაყოფების მიხედვით.

სკოლაში დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს:

სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები;

რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვები;

სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;

ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი;

ცალკეულ საგანში/საგნებში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა შემდეგია:

I-IV კლასებში – 15-20 წუთი;

V-IX კლასებში – 25-30 წუთი;

X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

ამასთან, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

დამტკიცებული წესის მიხედვით, „რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება“.

 

საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.

სკოლა ვალდებულია:

უზრუნველჰყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.

მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.

მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ სკოლის სივრცეში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი მომსახურების მიწოდება.

დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის განხორციელების შემთხვევაში, უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება, დამრიგებლის, საგნის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლისა და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების ჩართულობით.

დისტანციური სწავლებისას დაიცვას თითოეული მოსწავლის საუკეთესო ინტერესები, პერსონალური მონაცემები და მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ: მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას; მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.

სკოლა ვალდებულია ასევე სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

 

კლასის დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ დისტანციური გაკვეთილის გაცდენის მიზეზები და იმ შემთხვევაში თუ:

 

აღნიშნული გამოწვეულია მოსწავლის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის (მოწყობილობისა და ინტერნეტთან წვდომის) არქონით, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექტორს და პრობლემის მოგვარებამდე მასწავლებელთა ჯგუფთან ერთად ინდივიდუალურად

განიხილოს არსებული შესაძლებლობები და დაგეგმოს ალტერნატიული ღონისძიებები მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.

მოსწავლესთან/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება და უცნობია გაკვეთილებზე დაუსწრებლობის მიზეზები, სკოლამ უნდა იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მოსწავლის ჩართულობას დისტანციურ სასწავლო პროცესში, ხელი შეუწყოს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებაში;

ითანამშრომლოს სკოლასთან და დაეხმაროს მოსწავლეს სკოლის მიერ დასახული სასწავლო მიზნების მიღწევაში;

თვალყური ადევნოს მოსწავლეს და დროულად შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის დაფიქსირებისთანავე;

შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების შესახებ და ითანამშრომლოს სკოლასთან სირთულის დაძლევის გზის მოძებნაში.

პატივი სცეს მასწავლებლის შემოქმედებით და სამუშაო ონლაინ სივრცეს, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.