კორონავირუსის კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი და რეგულაციები, რომელსაც მმართველი პარტია თავადვე არღვევს

დღეს საქართველოში კოვიდ-19-ის 158 შემთხვევა დაფიქსირდა და მხოლოდ 9 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ზედიზედ მეოთხედ ფიქსირდება რეკორდული ინფიცირების რაოდენობა და ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა რეგულარულ ფრენებს დღემდე კრძალავს.

ქვეყანაში შიდა დაინფიცირების შემთხვევების კონტროლი ფაქტია ვერ ხერხდება, ეს კი პირველი ტალღის გადალახვის შემდეგ მოხსნილმა შეზღუდვებმა და გაუკონტროლებელმა სიტუაციებმა გამოიწვია.

ზაფხულის განმავლობაში უკონტროლო სიტუაციებმა საშიშსა და წითელ ზონად აქცია აჭარის რეგიონი, საველე ჰოსპიტალები გაიხსნა ქუთაისსა და იმერეთში.

რისკ-ფაქტორების გაანალიზების შემდეგ კი, მთავრობამ რეკომენდაციები რეგულაციებით ჩაანაცვლა და გაამკაცრა მოთხოვნები.

პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, ასევე დისტანციის დაცვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსა, მარკეტებში და სხვა დაწესებულებებში.

ეს ის მოთხოვნები იყო, რომელსაც წესით და მთავრობის აზრითაც ხელი უნდა შეეწყო სიტუაციის დასტაბილურებისთვის და არ გამხდარიყო მეტი შეზღუდვის დაწესება საჭირო, თუმცა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მისივე დადგენილი მოთხოვნები სრულად დარღვია.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო ოცეულის წარდგენაზე, რომელიც მთაწმინდაზე გაიმართა, ყოველგვარი რეკომენდაცია და მოთხოვნები სრულად დაირღვა.

დავიწყოთ იმით, რომ ცერემონიაზე დამსწრე პირებს პირბადეები არ ეკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ამ პარტიისა და ეპიდემიოლოგების საერთო რეკომენდაცია და მოთხოვნა იყო - ღია სივრცეში, სადაც ადამიანების თავშეყრა არის უნდა გვეკეთოს პირბადე, 2 მეტრიან დისტანციასთან ერთად.

მეორე საკითხია მედიის წარმომადგენლების თემა, რომლებიც მოათავსეს ისეთ სივრცეში, სადაც 2 მეტრიანი დისტანცია უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

მმართველმა პარტიამ არც ის გაითვალისწინა, რომ იმ მცირე სივრცის გამო, რომელიც მედიის წარმომადგენლებს ეთმობოდა,  ჟურნალისტების შეზღუდული რაოდენობით დასწრება მომხდარიყო.

მთავრობამ ინფიცირების სწრაფ ზრდას ქორწილების, ქელეხების, დღესასწაულებისა და თავშეყრის აკრძალვა დაუპირისპირა, ასევე სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის პროცესის ისევ ონლაინ რეჟიმზე გადაყვანა დაანონსა, როდესაც სასწავლო დაწესებულებებს დეზობარიერებისთვის და ყველა პირობის მოსაწყობად ათასობით ლარი გადაახდევინეს.

და ამ ფონზე საერთოდ არ შემწყდარა მათი პოლიტიკური კამპანია, მასშტაბურობა და საზოგადოების თავშეყრა მათივე კანდიდატების წარსადგენად.

ქვეყნის ლიდერები, რომლებიც მაგალითს უნდა აძლევდნენ მოქალაქეებს წესების დამორჩილებისკენ პირიქით, თავად არღვევენ.