საქართველოს რეგიონები, რომლებშიც კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარიდან, 28 სამეგრელოდან, 19 იმერეთიდან, 6 გურიიდან, 18 კი თბილისიდანაა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 22-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე თქმით, 20-ზე მეტი შემთხვევა რიტუალურ ღონისძიებებთანაა დაკავშირებული.

„რამდენიმე შემთხვევა გახლავთ კვლევის ფაზაში. გადანაწილება კლასტერების მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად, 20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ ღონისძიებებთან, ე.წ საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს. დაახლოებით 22 უცნობი შემთხვევაა, პირველწყარო არ ჩანს ჯერ-ჯერობით, 7 არის სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული შემთხვევა, 3 ხოფას კლასტერია, მათ შორის თანამშრომელიც და დადასტურებული ოჯახის წევრებიც, ასევე, კერძო ბიზნესის წარმომადგენლები", - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში.

ქუთაისში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 21 ახალი შემთხვევიდან 2 სპეციალურ კარვებში დადასტურებული შემთხვევაა, რომელიც 32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტებია.

„ბოლო 24 საათში დაგვიფიქსირდა 21 ახალი შემთხვევა. კარგია ის, რომ დინამიკა არის კლებისკენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სრულად სიტუაციას. ამ 21-დან აღსანიშნავია, რომ 2 ტესტი არის კარავში დადასტურებული, რომლებიც იყვნენ ასევე 32-ე საჯარო სკოლის კონტაქტები“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 158 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით 19 პაციენტია გარდაცვლილი.

 

გიორგი ჩაფიძე