„ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებზე 60%-იანი შედეგი რეალურია - მმართველი გუნდი დარწმუნებულია გამარჯვებაში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 59%-მა არ იცის ხმას ვის მისცემს.

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია, მათ შორის 17% აქვს „ქართულ ოცნებას“, 5% „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე 5% სხვა პარტიებს.

გარდა ამისა, მოსახლეობის ის 73%, ვინც ამბობს, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავა, 39% ამბობს, რომ არ იცის ხმას ვის მისცემს, 24% კითხვაზე პასუხს არ სცემს, 21% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 5% - არც ერთ პარტიას. 4% აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 6% სხვა პარტიებს.

აღნიშნულ კვლევას დღეს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ექნება ძალიან მყარი მხარდაჭერა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარტიისთვის რეალურია დაახლოებით 60%-იანი შედეგის მიღება არჩევნებზე, რასაც მოწმობს კვლევები, სადაც ასახულია საზოგადოების განწყობა. 

„ჩვენ გვაქვს მონაცემები სხვადასხვა წყაროდან და ყველა ეს წყარო მიუთითებს,რომ ჩვენთვის რეალურია დაახლოებით 60%-იანი შედეგის მიღება, შესაბამისად გამორიცხულია რაიმე ტიპის კოალიციის ფორმირება, საზოგადოება აფასებს ყველაფერს სხვადასხვა მიზეზის გამო, „ქართულ ოცნებას“ ექნება ძალიან მყარი მხარდაჭერა ამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველაფერი დამოკიდებული არის ამომრჩეველზე, თუმცა შეგახსენებთ, რომ სწორედ ამომრჩევლის განწყობას ასახავს ის სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც ქვეყნდება სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან, მათ შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უფრო მეტად სარწმუნო და ავტორიტეტული კვლევებით ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც NDI-ის ახალ კვლევას გამოეხმაურა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბოლო კვლევებით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 56%-ზე მაღალია.

„რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციები ამ შედეგების მკვლევარებს შეუძლიათ უფრო მეტად, ჩვენ ვიცით, სარწმუნო, საჯარო და ავტორიტეტული კვლევებით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ბოლო კვლევებით ეს არის 56%-ზე მაღალი და ასევე, დარწუნებული ვართ, რომ საარჩევნო კამპანიის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ამ მხარდაჭერას. კვლევა რა თქმა უნდა ერთმანეთს ავსებს და ამ შემთხვევაში, ორი ან სამი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა გაძლევთ პასუხს კითხვაზე, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს, რომელ პარტიას რამდენი აქვს მხარდაჭერა, ეს არ არის პირველი კვლევა და თუ მოქალაქეების ნაწილი, თავის გადაწყვეტილებას დღეს რომელიმე კვლევის ორგანიზაციასთან არ აფიქსირებს, შეგიძლიათ დაეყრდნოთ სხვა საზგოადოებრივ კვლევებს.

რა თქმა უნდ, ცვენ პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების არცევნებს და დემოკრატიული არჩევნებით, ჩვენ მზად ვართ, რომ სამართლლიანად გავიმარჯოვთ ამ ბრძოლაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.