მორიგი სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში - რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოზე

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურად დაიწყება.

„რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვტილებებს, რომლებიც სხდომაზე მივიღეთ. ახმეტის მუნიციპალიტეტს სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ყველა შემსვლელი და გამსვლელი გაიტესტება. ამ სოფლებში სწავლა გაგრძელდება დისტანციურად“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ხვალიდან ძალაში შედის კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც.

მისი თქმით, შეზღუდვები დაწესდება მხოლოდ იქ, სადაც ვირუსის გავრცელების შედარებით მაღალი მაჩვენებლია.

„ხვალიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შედის ძალაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თუ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩვენ გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს, როდესაც ესა თუ ის შეზღუდვა შემოგვაქვა, ამას ლოკალურად ვაწესებთ. ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავცრელება უფრო მეტად ხდება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება.

მეზვრიშვილის თქმით, 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკონტროლებს, აუცილებელია დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და თავყრილობებისგან თავის შეკავება.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ დღეს სახელმწიფო არის გაცილებით უფრო მომზადებული. ჯანდაცვის სექტორი არის მომზადებული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება, არ ვაპირებთ. მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და უნდა დავიცვათ დისტანცია გვეკეთოს პირბადე და თავყრილობებისგან თავი უნდა შევიკავოთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

გიორგი ჩაფიძე