როგორ აფასებს ოპოზიცია NDI-ს ახალი კვლევას და რა მოლოდინები აქვთ საპარლამენტო არჩევნებზე

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 88% ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას.

კვლევის შედეგებს ოპოზიციის მხრიდან გარკვეული შეფასებები მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ NDI-ის კველაში ნათლად ჩანს მოსახლეობის მზაობა ცვლილებებისათვის.

სერგი კაპანაძის თქმით, NDI-ის კვლევა ვერ გამოდგება პოლიტიკური რეიტინგების დასათვლელად, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

„NDI-ს ეს კვლევა, სამწუხაროდ, პოლიტიკური რეიტინგების დასათვლელად არ გამოდგება, რადგან ძალიან დიდი რაოდენობა არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, თითქმის 70%-ზე ადის. თუმცა, ნიშნადობლივი კვლევა არის რადგან ჩანს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 61%-ზე მეტი თვლის , რომ ქვეყანა ან არასწორი მიმართულებით მიდის, ან ადგილზე დგას. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ცვლილებების მოლოდინში, აქედან გამომდინარე ეს არ არის კარგი ამბავი ხელისუფლებისათვის. ასევე, ამ კვლევაში ჩანს, რომ ამ ადამიანებს აწუხებთ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები და აქაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ბოლო პერიოდში, მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ დახმარება რომელიც გაწეული იყო, არ იყო საკმარისი. ამიტომ, ხელისუფლებისათვის ეს კვლევა ნამდვილად ცუდი კვლევაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მეთოდოლოგიური საკითხების გამო, პოლიტიკური რეიტინგების დასადგენად, ეს კვლევა ვერ გამოდგება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაა“ ის ძალა, რომელსაც ქვეყანა უკიდურესი კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.

მისივე თქმით, მილიარდელმა ივანიშვილმა, რომელიც ხალხს „ოქროს კოშკებს“ ჰპირდებოდა, ქვეყანა სიღარიბემდე მიიყვანა.

„საქართველოში ყველაზე მაღალია შიმშილობის ინდექსი ჩვენს რეგიონში. ამიტომ, რა თქმა უნდა, გასაკვირი ეს კვლევები არ არის. მათ შორის არ არის გასაკვირი ის, რომ ადამიანები კონკრეტულ ეკონომიკურ ხედვას ელიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი დარწმუნდება იმაში, რომ სწორედ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია ქვეყანა გამოიყვანოს უკიდურესი კრიზისიდან, რომელშიც მილიარდელმა ივანიშვილმა, რომელიც ოქროს კოშკებს ჰპირდებოდა ხალხს, შეიყვანა სინამდვილეში და ოქროს კოშკების ნაცვლად ადამიანებმა  მიიღეს უკიდურესი სიდუხჭირე და შიმშილი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამავე კვლევას გამოეხმაურა გიგა ბოკერიაც. 

მისი თქმით, ამ კვლევაშიც მთავარი გზავნილი არის დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე, შეცვლაზე ამ ვითარების, ანუ სრულიად საპირისპირო სურათი, რაც მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისაგან, ეს იყო ადამიანების შეურაცხყოფა და ქედმაღლობა, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი არ შეიცვლება.

ამასთან ბოკერია ამბობს, რომ პარტიულ რეიტინგზებზე საუბარი ამ კვლევით შეუძლებელია, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია, თუმცა როგორც მან აღნიშნა, კვლევაში კარგად ჩანს საზოგადოების დაკვეთა და ეს დაკვეთა გარდამტეხი ცვლილებებია.

„ამ კვლევაშიც მთავარი გზავნილი არის დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე, შეცვლაზე ამ ვითარების, ანუ სრულიად საპირისპირო სურათი, რაც მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისაგან, ეს იყო ადამიანების შეურაცხყიფა და ქედმაღლობა, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი არ შეიცვლება. ეს ცვლილებებია მოსატანი ქვეყანში და ამ ცვლილებებს ითხოვს ხალხი და ჩვე ვაპირებთ, რომ ეს მოლოდინი დავაკმაყოფილოთ ჩვენი ცვლილებების გეგმით და გარდამტეხი ცვლილებებით", -განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

 

გიორგი ჩაფიძე