კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა - ვინ არიან ახალი ინფიცირებულები

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 124 ბათუმში, 20 თბილისში,13 კი ქუთაისში გამოვლინდა.

მისი თქმით, 6 შემთხვევა გამოვლინდა ზუგდიდში, 3 - ოზურგეთში, 3 - მცხეთაში და ერთი ცაგერში.

„დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა. ახალი შემთხვევების გადანაწილება ასეთია - 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 არის საკარანტინე სივრციდან და დანარჩენი ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევებია. 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთი გადანაწილებითაა: 124 არის აჭარაში, ბათუმში; 20 არის თბილისში, 13 არის იმერეთში, ქუთაისში; 6 - სამეგრელო ზემო სვანეთი, ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია, ოზურგეთი; სამი არის მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა. ერთი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი.

გამოჯანმრთელებულების მაჩვენებლია 1381. 11 ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს.

ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 1154 პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება აჭარას, აქ გასული 24 საათის განმავლობაში 2700-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა, აქედან 124 შემთხვევაში პასუხები კორონავირუსზე დადებითია.

ამ ეტაპზე აჭარაში მკურნალობის კურსს გადის გადის 414 პაციენტი, აქედან 285 სამედიცინო დაწესებულებეში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.

ხოლო ქუთაისში გამოვლენილი ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორადი კონტაქტია.

ამ დროისთვის, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ქუთაისის მასშტაბით სამი კლინიკა ემსახურება. ჯამში კი მკურნალობას 70 ინფიცირებული პაციენტი გადის.

საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

 

გიორგი ჩაფიძე