უზრუნველყავით სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლეთ გიორგი რურუა - ევროპარლამენტარების მოწოდება საქართველოს მთავრობას

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

გუშინ, ბრიუსელში, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშს განიხილავდნენ, რომლის დროსაც კომენტარები გაკეთდა.

როგორც მათი განცხადებებიდან იკვეთება, დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მსოფლიოში შექმნილი კოვიდ19-ისგან გამოწვეული ვითარების მიუხედავად, საქართველოში საარჩევნოდ დამკვირვებლების გაგზავნის საშუალება ექნებათ.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და გაათავისუფლოს გიორგი რურუა.

ფოტიგა ამბობს, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა და სირთულეებისა, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ გეზს ინარჩუნებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროები.

„მიუხედავად დაბრკოლებებისა და სირთულეებისა, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ გეზს ინარჩუნებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროები. საპარლამენტო არჩევნებამდე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ასევე მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ გიორგი რურუა და ამით შეასრულოთ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ოპოზიციის ყველა ლიდერთან შეთანხმებით იყო მიღებული“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პოლიტიკური პარტიების მიერ ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებაზე საუბრობა და აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიულ გზაზე.

მანვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი გამოწვევა ვიხილეთ და კარგი იყო იმის ნახვა, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრების თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო. ჩვენი და თქვენი მხარდაჭერით მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. თანაბარი პირობები და ერთნაირი თამაშის წესები უნდა იყოს გარანტირებული ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე. საგარეო ასპარეზზე კი რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს, ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს სამხედრო ოკუპაციით, მცოცავი ანექსიითა და კიბერთავდასხმებით. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.