როგორ ეხმაურება ოპოზიცია ევროპარლამენტის ანგარიშს და რა პასუხი აქვს ხელისუფლებას

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარების გამოსვლას შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდისა და მათი ოპონენტების მხრიდან.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ევროპარლამენტარების გამოსვლაში მკაფიოდ ჩანს ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, თუმცა არიან კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ.

„ევროპარლამენტის დოკუმენტშიც და ევროპარლამენტარების გამოსვლაშიც, მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, თუმცა ისინი არიან ძალიან კრიტიკულები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. ეს არის ის მკაფიო ტენდენცია, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც, სტრასბურგშიც და რომელიც მიანიშნებს, რომ ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად უნდა გახდეს გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები. გარდამტეხი ცვლილებების, რათა საქართველოში გამოსწორდეს ვითარება და აღარ გახდეს საჭირო ყველა ის კრიტიკული შენიშვნა, რომელიც დაფიქსირებულია მათ შორის ევროპარლამენტის დღევანდელ დოკუმნეტშიც.  ამრიგად, ჩვენი მეგობრების განწყობა არის სრულიად ნათელი, საქართველოს და ქართველ ხალხს აქვს სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტში, „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან კრიტიკული და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარეთაც, ისე როგორც ქვეყნის შიგნით, ვითარება არის  მომწიფებული გარდამტეხი ცვლილებების მოტანისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ანგარიშში უმძიმესი შეფასებებია, კვლავ ნახსენებია, რომ ქვეყანა იმართება ჩრდილოვანი მეთოდით ბიძინა ივანიშვილის მიერ.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბება და მისი არადემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალიან მძიმედ დაუჯდება ქვეყანას და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„ევროპარლამენტარების განცხადება კიდევ ადასტურებს იმ დიდ ინტერესს, რომელსაც იჩენს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი და პირველ რიგში, არჩევნებისადმი. არჩევნების გაყალბება და მისი არადემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალიან მძიმედ დაუჯდება ქვეყანას და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. შეფასებები არის უმძიმესი. კვლავ არის ნახსენები, რომ ქვეყანა იმართება ჩრდილოვანი მეთოდით ბიძინა ივანიშვილის მიერ. ნათქვამია, რომ ქვეყანაში კვლავ არის პოლიტიკური პატიმრები და პირდაპირ მოუწოდებენ რომ განთავისუფლებული იქნას გიორგი რურუა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე ანგარიშს გამოეხმაურნენ მმართველი გუნდიდანაც. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ ანგარიშში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა.

მისი თქმით, ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რათა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო 8 მარტის ისტორიულ შეთანხებაში.

„ძალიან უნდა ეცადო, რომ ეს დებატები და ანგარიში როგორმე ნეგატიურში გაიყვანო, ამას მიუთითებს ის განცხადებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განახორიციელა საქართველოს ხელისუფლებამ, რამდენად დიდია მიღწევები, რომელიც ქვეყანამ ამ გზაზე გაიარა. რაც ყველაზე მთავარი იყო, საინტერესო კომენტარი იყო, რომ საქართველო იმსახურებს და ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის ის მთავარი პოზიტიური გზავნილები, რომელიც მივიღეთ.

გიორგი რურუაზე იყო ერთადერთი კომენტარი გაკეთებული. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ მიესალმებიან გადადგმულ ნაბიჯს და წუხილს გამოთქვამენ, რათა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო იმ ისტორიულ შეთანხებაში, რომელიც საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

გიორგი ჩაფიძე