კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი 200-ს უახლოვდება - 196 ინფიცირებულიდან 145 მხოლოდ აჭარას უკავშირდება

კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი უკვე 200-ს უახლოვდება, ქვეყანაში დღეს ინფიცირების196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში, 29 კი თბილისში გამოვლინდა.

„დაგვემატა 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ეს 196 ასეთი განაწილებით გახლავთ - აჭარა, ბათუმი -144 და ქობულეთი -1; თბილისი  - 29; იმერეთი, ქუთაისი 7 და საჩხერე ერთი. შიდა ქართლი, გორი გახლავთ 4. ქვემო ქართლი, გარდაბანი - 3. გურია, ოზურგეთი - 4, ქვემო სვანეთი სამეგრელო, ზუგდიდი - 2 და ფოთში ერთი. მცხეთაში არის 1 შემთხვევა.

ამ დროისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობს 1319 პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, აჭარაში მკურნალობის კურსს გადის გადის 479 პაციენტი, აქედან 321 სამედიცინო დაწესებულებეში, 158 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.

ჯამში, კორონავირუსის 6 შემთხვევაა გამოვლენილი ზუგდიდში. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, მალხაზ თორიას განცხადებით, ყველა მათგანი ე.წ. საბერიოს კლასტერს განეკუთვნება.

„სულ ზუგდიდის ინფექციურ ლაბორატორიაში მიღებულია 799 ნიმუში. აქედან გატესტილია 449, მიმდინარეობს დამატებით 359 ნიმუშის კვლევა. დადასტურებულია კოვიდ ინფექციის 6 შემთხვევა და ექვსივე ეკუთვნის საბერიოს კლასტერს. ამ ეტაპისთვის ინფიცირებულები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, კერძოდ, გალის რაიონის სოფელ საბერიოში. გარდა ამისა, ერთი ფაქტი არის გამოვლენილი ფოთში, რომელსაც კონტაქტები ჰქონდა ბათუმთან. ასევე, არის ერთი პიროვნება მარტვილის მუნიციპალიტეტიდან, რომელსაც უწევს სამსახურეობრივად ყოველ მეორე დღეს სიარული ბათუმში. ორივე შემთხვევაში მათი კონტაქტები დადგენილია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. მათზე მეთვალყურეობა გრძელდება“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა.

ამასთან, დღეს ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 31-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე 1412-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, ხოლო ტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი რჩება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შედეგად19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

გიორგი ჩაფიძე