ლარი რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს - მთავრობაში კი აცხადებენ, რომ რყევები ზომიერია და ინფლაცია დამაიმედებელი

ლარი დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად რეკორდულად უფასურდება. დღეს ერთი დოლარის ყიდვა 3.1526 ლარადაა შესაძლებელი.

მიუხედავად ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის რყევები ზომიერია, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელი.

მისივე თქმით, არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს.

„საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ახლა მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც დიდი სიმძიმე და გამოწვევაა. თუ ლარის ბოლოდროინდელ დინამიკას დავაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევაა ტურიზმის შეზღუდვა, საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, დინამიკა არ არის მაინცდამაინც დიდი რყევებით გამორჩეული. რყევები არის ზომიერი, თუ რეგიონის სხვა ქვეყნებს შევადარებთ, რყევები პროცენტულადაც ​დაბალია. მე ვფიქრობ, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ნიშანი არ არსებობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური ტენდენცია უფრო გაღრმავდეს. ნეგატიური მოლოდინები, რა თქმა უნდა, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე და ინფიცირებულთა ზრდის პარალელურად, შეიძლება, გაჩნდა მოლოდინები, რომ მთავრობა საყოველთაო შეზღუდვებს მიმართავს, მაგრამ ღიად ვსაუბრობთ, რომ ეს არ მოხდება და ეკონომიკა მუშაობას გააგრძელებს, რაც ამ მოლოდინებს გაანეიტრალებს. ინფლაციის მაჩვენებელი დამაიმედებელია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის მართვას დროულად არ შეაჩერებს, ქვეყანაში ბიუჯეტის არნახული დეფიციტი იქნება.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ვალდებულია განახორციელოს ინტერვენციები.

„მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეაჩეროს ლარის მართვა. მიზეზი არის ძალიან ბევრი, მათ შორის ის, რაც იყო კორონავირუსის პანდემიამდე, ინვესტიციების კლება და ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუარესება, მაგრამ კონკრეტულ ამ შემთხვევაში დაემატება ბიუჯეტის არნახული დეფიციტი. მარტივად რომ ვთქვათ, ისესხა ფული მთავრობამ მილიარდ ნახევარი დოლარი რაც არის 5 მილიარდი ლარი, ამ ლარს უშვებს მიმოქცევაში, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, მაგრამ ის დოლარები, რომლებიც შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვუარებში იქნა თავმოყრილი საგარეო ვალის სახით, ეროვნული ბანკი ვალდებულია განახორციელოს ინტერვენციები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

გიორგი ჩაფიძე